„თავისუფალი დემოკრატები” – მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო წესი გაუქმდეს

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო შეფერხება და, მეტიც, გადახვევა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალი გზიდან, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტია გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეაგროვონ სულ მცირე 200 000 ხელმოწერა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო წესი გაუქმდეს.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებაში მომწიფებულია აზრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წარმომადგენლობის წესით ჩატარების თაობაზე, ამისათვის საჭიროა სათანადო ცვლილების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო შეფერხება და, მეტიც, გადახვევა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალი გზიდან. 2012 წლის შემდგომ ჩატარებული არჩევნებიდან ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის თანხმობის მიღწევის ნაცვლად გამოიწვია საზოგადოების კიდევ უფრო ღრმა გათიშულობა და ერთმანეთისადმი შეურიგებლად დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფა. არჩევნებში მონაწილე ორივე მთავარი პოლიტიკური ძალის მიერ საჯაროდ წარმოებულმა, სიძულვილის ენით, შეურაცხყოფითა და მუქარით აღსავსე ნეგატიურმა კამპანიამ ცივილიზებულ საზოგადოებაში ქცევის ყველა ნორმა დაარღვია. კონკურენტისგან ქვეყნისა და საზოგადოების მთავარი, დაუძინებელი და ამიტომ დაუყოვნებლად გასანადგურებელი მტრის ხატის შექმნა იყო პროპაგანდისტული მეთოდი, რომელსაც ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალა ერთნაირად თავშეუკავებლად იყენებდა ერთმანეთის წინააღმდეგ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფულის, როგორც არჩევნებში გამარჯვების ფაქტორის ღიად, დაუფარავად წინა პლანზე გამოტანა. მმართველი პარტიის სათავეში მდგომი მდიდარი ადამიანის მიერ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი კერძო ორგანიზაციების მეშვეობით ფინანსური რესურსების ხარჯვამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება, რომ ათეულ მილიონ ლარზე მეტი გამარჯვებულმა კანდიდატმა და მისმა მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალამ მხოლოდ ქუჩებში განთავსებულ ბანერებზე დახარჯეს. არავინ იცის, კიდევ რამდენი შავი – ოფიციალურად აღურიცხავი – ფული დაიხარჯა, მაგალითად, ე.წ. „კოორდინატორებზე“, რომლებიც არჩევნებამდე კარდაკარ დადიოდნენ, არჩევნების დღეს კი საარჩევნო უბნებთან ტრიალებდნენ და ამომრჩევლების „გამოცხადებას“ მეთვალყურეობდნენ. არც ისაა ცნობილი, რამდენი დაიხარჯა არჩევნების დღეს თითოეული მოქალაქის მობილურ ტელეფონზე შესულ ზარზე, რომლითაც ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი ამომრჩევლებს, განურჩევლად მათი პოზიციისა თუ სიმპათიებისა, არჩევნებზე მისვლისკენ და მისი კანდიდატისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო არჩევნების წინა დღეებში 600 000 ადამიანისათვის ვალების ჩამოწერის დაპირება, რაც აშკარად ატარებდა ამომრჩევლის მოსყიდვის სახელწოდებით ცნობილი დანაშაულის ნიშნებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასეთივე ნიშნებს შეიცავდა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაცემული მსგავსი დაპირებებიც.

უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ, რამაც, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის მთავარი ფუნქცია დანაშაულთან ბრძოლა და ამ ბრძოლის მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმძღვანელობაა, მრავალი დღე სამეგრელოში გაატარა, სადაც იგი სრულიად დაუფარავად ხელმძღვანელობდა არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზაციას.

უკვე მრავალი წელია, რაც შეუსრულებელი რჩება საქართველოს ვალდებულება ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიმართ, მიიღოს საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს საარჩევნო კამპანიაში შეუზღუდავ მონაწილეობას აუკრძალავს. ამ ფონზე სრულიად უმოქმედოდ გამოიყურებოდა ეგრეთ წოდებული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის მთავარი ამოცანა სწორედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენცია წარმოადგენს. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეს კომისია მხოლოდ სიმბოლურად იკრიბებოდა ხოლმე, რის გამოც წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მას და მის ხელმძღვანელს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ეს მოვლენები და ტენდენციები უაღრესად სათუოს ხდის საქართველოში შემდეგი არჩევნების სამართლიანი ჩატარების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა უპრეცედენტოდ უარყოფითი შეფასება მისცეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. თუკი აქამდე შესაბამის ოფიციალურ საერთაშორისო დოკუმენტებში ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა საქართველოს პროგრესი, სხვა საკითხებთან ერთად, დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზების და ჩატარების საკითხში, ახლა, მომდევნო არჩევნებამდე, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ნატო-ს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თითოეულ დოკუმენტში აუცილებლად შევა კრიტიკული გამონათქვამები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე. ცხადია, ეს გარემოება სერიოზულად შეაფერხებს საქართველოს წინსვლას მისი ევროატლანტიკური მისწრაფების რეალიზაციის გზაზე.

საარჩევნო კამპანიის პროცესში ასევე გამოიკვეთა ხელისუფლების ალიანსი ღიად პრორუსულ, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებთან. ამ მხრივ აღსანიშნავია რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან დაბრუნებული „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობით და ხელისუფლების აშკარა ხელშეწყობით თბილისის ცენტრში ჩატარებული მრავალათასიანი დემონსტრაცია და მიტინგი, რომლის მიზანი იყო არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერა და ოპოზიციასთან შეურიგებელი დაპირისპირების გაღრმავება. ღიად პრორუსული ფიგურების გამოსვლები არ აკლდა არც ხელისუფლების სხვა მხარდამჭერთა მიერ ორგანიზებულ აქციებს. ეს ყვალაფერი მეტყველებს სახიფათო ალიანსზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და პრორუსულ ძალებს შორის, რაც სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, სრულიად აშკარაა, რომ საზოგადოებაში მომწიფებულია აზრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წარმომადგენლობის წესით ჩატარების თაობაზე. ამისათვის საჭიროა სათანადო ცვლილების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის ახალი რედაქციის თანახმად, ცვლილებას, თუ ის ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის მხარდაჭერა დასჭირდება. თუმცა, ჯერჯერობით მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი ცვლილების ინიცირებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა აღტაცებულია არჩევნებში მიღწეული, უფრო ზუსტად, მითვისებული წარმატებით, უიმედოდ გამოიყურება პერსპექტივა, რომ ხელისუფლება დათანხმდება ასეთი ცვლილების წარდგენას თავისი უმრავლესობის მიერ. ამიტომ, ერთადერთ გამოსავლად რჩება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა 200 000 ხელმოწერის შეგროვება.

ამავე დროს, ეს იქნება ამომრჩევლის ნების გამოვლენა, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებას გაუჭირდება ოდნავ მაინც დამაჯერებელი არგუმენტის გამონახვა. ამიტომაც მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ, სულ მცირე, 200 000 და, უკეთეს შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი ხელმოწერის შეგროვება კონსტიტუციაში იმ მარტივი ცვლილების შეტანის მიზნით, რომლის ძალითად გაუქმდება მაჟორიტარული საარჩევნო წესი.

პარალელურად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო სექტორის და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით უნდა დავიწყოთ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა ძალითაც უფრო სამართლიანი რეგულირების ქვეშ მოექცევა პარტიათა დაფინანსებისა და საარჩევნო ხარჯების აღრიცხვის წესი, მკაცრი პასუხისმგებლობა იქნება დადგენილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისათვის, შეიცვლება ამგვარი რესურსის გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმი, უფრო მკაფიო ნორმები იქნება დადგენილი ამომრჩეველთა მოსყიდვისათვის და შესრულდება სხვა რეკომენდაციები, რომლებიც ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა განვლილი არჩევნების შეფასებისას წარმოადგინეს.

აუცილებელია აქტიური, მრავალმხრივი პოლიტიკური ქმედება არა მხოლოდ საპროტესტო აქციების გზით, თუმცა ამგვარის ლეგიტიმურობას ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ, რათა საქართველო ჯეროვნად მოემზადოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, დაუბრუნდეს ქვეყნის დემოკრატიზაციის, ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის და თანხმობის დამკვიდრების გზას და, შესაბამისად, განაგრძოს წინსვლა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის მიმართულებით“, – აღნიშნულია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ზეწოლა – „ევროპული საქართველო” ქუთაისის მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა