“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. ჭაჭის კოშკის სავარაუდო გასხვისებას აპროტესტებენ

“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. ჭაჭის კოშკის სავარაუდო გასხვისებაზე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან, ბულვარის საინიციატივო ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, როგორც წინა წლებში, დღესაც „ეფექტური პრივატიზების” სახელით, რეკრეაციული ზონების გასხვისება ხორციელდება.

“დღეს, მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვის უფრო მეტად გრანდიოზული გეგმა ჰქონდა ან აქვს ჩვენი ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა, არცერთ მათგანს, არასდროს გაჩენია სურვილი წინასწარ გაეცნო ეს გეგმები მოსახლეობისათვის, მოესმინა მათთვის და უშუალოდ, მოსახლეობიდან წამოსული რჩევებისა და რეკომენდაციების შეჯერებით მიეღო გადაწყვეტილება. როგორც წინა წლებში, დღესაც „ეფექტური პრივატიზების” სახელით ხორციელდება რეკრეაციული ზონების გასხვისება. ამჯერად, საუბარია ზღვისპირა პარკის ნაწილის, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიების დაგეგმარებასა და შემდგომი პრივატიზების პროცესზე. „თავისუფალ დემოკრატებს” გაგვაჩნია ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებები რეკრეაციული ზონების განკარგვასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ცოდნა და მოსახლეობის დამოკიდებულება მისაღებ გადაწყვეტილებებზე”, – აცხადებენ პარტიაში.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ მიმდინარე კვირაში საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან, ბულვარის დაცვის მიზნით შექმნილ საინიციატივო ჯგუფთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა ამ საკითხით დაინტერესებულ პირთან, კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიოთხდღიანი გაუჩინარების შემდეგ არასრულწლოვანი სამირა ბაირამოვა პოლიციაში მშობლების გარეშე დაკითხეს
შემდეგი სტატიააჭარაში ბოლო მონაცემებით გრიპის ვირუსით გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა