თავიდანვე მოვითხოვე, რომ ჩემი შვილები დაეცვათ ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების ჩარევისგან

მე თავიდანვე მოვითხოვე, რომ ჩემი შვილები დაეცვათ ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების ჩარევისგან, – ამის შესახებ არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რის საფუძვლადაც არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების გაჟღერება დაასახელა.

პროკურორების შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

„მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, დაეცვათ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან. ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, გარდა იმ ხალხისა რომლებიც დღეისთვის პასუხისმგებლები არიან ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული ჩემი ადვოკატის მეშვეობით”, – განაცხადა იულია სუსლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს – ადვოკატი სხდომის დახურვას ითხოვს
შემდეგი სტატიამაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა