“თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას” – ბესელია პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრების განცხადებებს ეხმაურება

ეკა ბესელიას სკანდალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობის ზოგიერთ წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ, მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

“ოცნების” წევრები ეკა ბესელიას მოუწოდებენ, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს. თავად დეპუტატი აცხადებს, რომ ის პროკურატურის გამომძიებელს ორშაბათს გაესაუბრება, თუმცა ყველა დეტალს ვერ გაამჟღავნებს, რადგან ამით იმ ადამიანების უფლებები დაირღვევა, რომლებმაც მას ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ამ ინფორმაციის საგამოძიებო უწყებებისთვის მიწოდებას თავად ვერ ბედავენ. ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესაც შეეხო, მისი თქმით, საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და მხოლოდ ის ადამიანები არიან დაკავებულები, ვინც ეს ვიდეო ნახა:

“ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, დღემდე პროკურატურას ეს არ გამოუძიებია, ამიტომ მე ვურჩევ, იქნებ დროზე მაინც დაადგინონ ის, რაც უკვე გაცხადებულია, რაზეც მე თავად ვისაუბრე. ინგა გრიგოლიას ფაქტი გამოიძიონ, ეკა მიშველაძის ფაქტი გამოიძიონ, სადაც თავად საუბრობენ ადამიანები ამ თემებზე. ის, ვინც ვერ ბედავს ამაზე ისაუბროს და მე ჩუმად მელაპარაკება, ან მე ეს ინფორმაცია მივიღე, როგორც პარლამენტის წევრმა, თუ ეს ადამიანები გაბედავენ და გადაწყვეტენ ამაზე ისაუბრონ, მე ამას შემდეგ დავადასტურებ. ამის გამოძიება, რომ აბსოლუტური არასერიოზულობაა, ამას ვერც მესიჯბოქსი უშველის, რაც არ უნდა დამწკრივდნენ და ერთიანად აკეთონ განცხადებები, რომ მივიდეს პროკურატურაში და გააკეთოს განცხადება… სადაც მივედი და გავაკეთე განცხადება, 8 თვეზე მეტია ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელისგულზე იდო, ასე რომ თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას.”- განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ მმართველი გუნდის წევრები არასერიოზული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, მისი კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გახდა.

banner
წინა სტატიაშიტყიბულის მერმა მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადა
შემდეგი სტატია„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება