თავდასხმა სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ შენობაზე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციას შუშები ჩაუმსხვრიეს და ინვენტარი დალეწეს. ოპოზიცია მომხდარს ხელისუფლებასა და კრიმინალებს შორის ახლო ურთიერთობას უკავშირებს.

ენმ-ის წევრის, დავით მჟავანაძის, შეფასებით, ეს ფაქტი მკაფიო მაგალითია იმის, თუ როგორ თანამშრომლობს ხელისუფლება კრიმინალთან. მისი თქმით, ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა დაუსჯელობის გარანტია.

მჟავანაძის განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ოზურგეთის საკრებულოს წევრის, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა ჩხარტიშვილის, ახლო ნათესავია.

„თავდასხმა დვაბზუს ადმინისტრაციულ შენობაზე არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და ხელისუფლება და როგორი დაუსჯელები არიან და როგორ ყველაფრის კეთების უფლება აქვთ დღეს ამ ადამიანებს. მთავარია, რომ რაიმე ფორმით ვუკავშირდებოდე, ვთქვათ, ქართულ ოცნებას და შეგიძლია, ყველაფერი აკეთო ამ ქვეყანაში. სწორედ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, როდესაც ეჭვმიტანილი ადმინისტრაციულ შენობაზე თავდამსხმელი პირი არის ახლო ნათესავი საკრებულოს წევრის, მარიკა ჩხიკვიშვილის,“- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლის ბრალდებას მარიკა ჩხიკვიშვილმა უპასუხა.

„მეც პრესის საშუალებით გავიგე, რომ დაზიანებული იყო დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მინები. რაც შეეხება ბრალდებას დავით მჟავანაძის მხრიდან, შემიძლია, ვუპასუხო მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის მისი მხრიდან ცინიზმი და როგორც პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ბრალდება, როგორც ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვა. თუმცა, აბსოლუტურად უარვყოფ ამ ინფორმაციას. ეს არის სრული სიცრუე. არცერთი ფაქტი არ არსებობს და დადასტურება, რომ მე ვინმეს ვმფარველობ,“ – განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯგუფურად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაძლიერი სეტყვა თბილისში