თავდამსხმელები უნდა დაისაჯონ! დატოვოს პარლამენტი ყველამ, ვინც ვატო წერეთელს შეეხო – კრიტიკული მედიის წარმომადგენლები

მოძალადე უნდა დაისაჯოს და თავდასხმაში მონაწილე დეპუტატებმა მანდატი უნდა დატოვონ – კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილის და მასთან ერთად კიდევ 3 დეპუტატისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

მათი აზრით, ამერიკის საელჩოს ეზოში მმართველი გუნდის დეპუტატის თავდასხმა “TV პირველის” გენერალურ დირექტორ ვატო წერეთელზე, “ქართული ოცნების” ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის მორიგი გამოხატულებაა.

მედიის წარმომადგენლების თქმით, ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება და დამნაშავე დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

“თავდასხმა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე საქართველოში. ეს თავდასხმა აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული და უნდა დაისაჯონ თავდამსხმელები, უნდა დატოვოს პარლამენტი ყველამ, ვინც შეეხო ვატო წერეთელს. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება აღქმული როგორც პატიება ამერიკაზე თავდასხმის ქართული ოცნების მხრიდან”, – თქვა “მთავარი არხის” ტელეწამყვანმა, თეა ადეიშვილმა.

მომხდარს უპრეცედენტოს უწოდებს “ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ის აშშ-ის საელჩოს სთხოვს, თავდასხმის ამსახველი კადრები გაასაჯაროოს.

“უპრეცედენტოა ასეთი მოვლენა, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ამ დროს, კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს მმართველი პარტიის წარმომადგენლები სცემენ. ძალიან სამწუხარო, საგანგაშო ფაქტია. მე მოვუწოდებ საელჩოს, ვთხოვ, იქნება გაასაჯაროონ ჩანაწერები, თუ რა მოხდა რეალურად”, – აღნიშნა ზუკა გუმბარიძემ.

ვატო წერეთელზე თავდასხმას ასევე ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი. მან “ოცნების” დეპუტატებს “ხროვა” უწოდა და თქვა, რომ ეს გუნდი ხელისუფლებას რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდეს.

“სხვა ვერანაირი კომენტარი ვეღარ მექნება გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნება” მისი ზონდერიან, ტროლიან, ბოტიან, მხარდამჭერიან, დეპუტატიან, მინისტრიან, პრემიერმინისტრიანად არის ერთი კრიმინალური ხროვა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გავუშვათ აქედან. რაღაც ისეთი თუ აკადრა ვატომ, მაშინ გაეცა პასუხი – არა, დაორგანიზდნენ, ეს ხროვა, მივიდნენ და თავს დაესხნენ”, – თქვა ნინო ჯანგირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს – მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს! – ვოლსკი
შემდეგი სტატიასაქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა – ეს თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისია – დავითაშვილი