თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, საქართველოს, მადრიდის სამიტის პარალელურად სტუმრობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას ალიანსის დღის წესრიგში.

შეხვედრაზე საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე და გამოწვევებზე ვისაუბრეთ და ქვეყნის უსაფრთხოების გარემო და საგარეო პრიორიტეტები მიმოვიხილეთ. სტუმრებთან შეხვედრისას საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების ერთგული რჩება და სრულად იზიარებს იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რასაც ევრო ატლანტიკური სივრცე ემყარება. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით მკვეთრად გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს, რომელიც განსაკუთრებით საგანგაშო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ გახდა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ერთადერთი სწორი გზა რეგიონში ალიანსის გაფართოება და მისი წარმომადგენლობის გაზრდაა“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრას ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, თეონა აქუბარდია, გიორგი ხელაშვილი, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, დევი ჭანკოტაძე და ჰერმან საბო დაესწრნენ.

წინა სტატიაშივაღიარებ, ჩვენი სანქციების ნაწილს აქვს გლობალური რეზონანსი, ევროპელები იხდიან საფასურს, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ თავისუფლებისთვის – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაჩეხეთში ოლიგარქის მოსაშორებლად უთანხმოება დავძლიეთ – იმავეს გისურვებთ – გრეგოროვა კობახიძეს