პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, საკანონმდებლო აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2025 წელს დაზვერვის სააგენტო საქვეუწყებო დაწესებულების სახით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.
შესაბამისად, დაზვერვის სააგენტოს უფროსის ცალკეული უფლებამოსილებები სუს-ის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ხორციელდება.
მისივე თქმით, სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მთელი რიგი საკადრო, საფინანსო და სამართლებრივი საკითხები სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ფარგლებში მოექცეს.
ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით დაზუსტდება და ერთმანეთისგან გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განხორციელდება.
ცვლილებების შედეგად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის, დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.
















