თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ფრანგ ხალხს მიუსამძიმრეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.

თინა ხიდაშელმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოხატეს და საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრეს.

„პირველ რიგში, მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ მთლიანად ქართული სახელმწიფო, თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შეიარაღებული ძალები, ფრანგი ხალხის, ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროს გვერდით ვდგავართ – ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური ტერორისტული თავდასხმების დროს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერანაირი ძალადობა დაამარცხებს თავისუფლებას და ვერ გაიმარჯვებს დემოკრატიასა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყნებზე. არსებობს მძიმე დღეები, უმძიმესი წუთები ოჯახებისთვის, ქვეყნებისთვის, მაგრამ, საბოლოოდ თავისუფლება იმარჯვებს და ამ ბრძოლაშიც, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო იქნება გამარჯვებული “, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გენერალური შტაბის უფროსმა ყურადღება მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მსგავსმა შემთხვევებმა არ უნდა გააჩეროს მსოფლიო და უნდა გაგრძელდეს ტერორიზმთან ბრძოლა. გულით და სულით თანავუგრძნობთ ფრანგ ხალხს. დღეს, ნამდვილად, ფრანგები ვართ ჩვენც! ჩვენც გვინდა მათ გვერდზე დგომა და ჩვენი მხრიდან ნამდვილად უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ, სამხედროები ჩვენს ამოცანას ვასრულებთ მათთან ერთად და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში“, -აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

თბილისის საკრებულოში სამძიმრის წიგნი ფრანგი ხალხის თანაგრძნობის მიზნით გაიხსნა. იქ დილიდან მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოქალაქეები მიდიან.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4012 ლარი გახდა
შემდეგი სტატია42-ე მუხლი პირველად ამოქმედდა – ევროკავშირი საფრანგეთს სრულად დაეხმარება