თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა სამხედრო საჭიროებებს შეესაბამება

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი არჩილ ომიაძე მავნებლურს უწოდებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტრო არასაჭირო იარაღს ყიდულობს. ამის შესახებ არჩილ ომიაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ ომიაძის თქმით, შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა სამხედრო საჭიროებებს შეესაბამება.

„დიმიტრი შაშკინი ასევე ავრცელებს უაღრესად მავნებლურ ინფორმაციას, თითქოს, თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს არასაჭირო იარაღს. ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღს სამხედროები მრავალი წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლების პირობებში ვითხოვდით, ამის საჭიროება 2008 წლის მოვლენებმაც გამოაჩინა, შესაბამისად, შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა შეესაბამება ჩვენს სამხედრო საჭიროებებს და შესყიდვების გრძელვადიან სტრატეგიას ექვემდებარება, რომელიც ასევე თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან“, – განაცხადა მან.

ამასთან, არჩილ ომიაძემ უპასუხა დიმიტრი შაშკინის იმ ბრალდებასაც, რომლის თანახმად, არასამუშაო საათებში სამხედრო ფორმის ტარების წესის ცვლილების მიზანი მოსახლეობაში ქართული ჯარის სიყვარულისა და სიამაყის გრძნობის შელახვაა.

„ბატონი შაშკინი ასევე ავრცელებს ქართველი ოფიცრისთვის შეურაცხმყოფელ მორიგ ბრალდებას, რომელიც სამხედრო ფორმის ტარებას შეეხება. ის საზოგადოებას ამცნობს, რომ არასამუშაო საათებში სამხედრო ფორმის ტარების წესის ცვლილების მიზანი მოსახლეობაში ქართული ჯარის სიყვარულისა და სიამაყის გრძნობის შელახვაა. სინამდვილეში, ეს ცვლილება ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა მიღებული, გარკვეული მოსაზრებებით. ხოლო, ქართული ჯარის სიამაყის მიზანმიმართული დეგრადირება და ოფიცერთა კორპუსის, როგორც მორალური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა სწორედ რომ მისი მინისტრობის დროს განხორციელდა. 2012 წლის არჩევნების პერიოდში, როდესაც მთელი შეიარაღებული ძალები 18 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა ყაზარმულ მდგომარეობაში და აქტიურად მიმდინარეობდა ტვინის გამორეცხვა, ვისზე უნდა გაეკეთებინათ სამხედროებს არჩევანი.

არასოდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ყოფილა ასეთი დეპოლიტიზირებული, როგორც ახლაა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის ეს შავი ფურცელი სამუდამოდ დახურულია. დღეს ჯარი წარმოადგენს დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს, ჯარი არის ნეიტრალური ინსტიტუტი და პოლიტიკურ სპეკულაციებში მისი ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა პრინციპულად მიუღებელი და განწირულია“, – განაცხადა არჩილ ომიაძემ.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში, აქციის მონაწილეებმა და ჩინურმა მხარემ გარკვეულ საკითხზე მოლაპარაკებას მიაღწიეს
შემდეგი სტატია„შეაჩერე ტკივილი“ – სპეციალისტების განცხადებით, ტკივილის პოლიტიკისადმი არსებული კანონმდებლობა არქაულია