თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს შესაძლოა, საგამოძიებო ფუნქცია მიენიჭოს

თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს შესაძლოა, საგამოძიებო ქვემდებარობის ფარგლებში, დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარობა განსაზღვრულია თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის მიმართ და არა კონკრეტულად სამინისტროს რომელიმე ქვედანაყოფის მიმართ.

მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, საგამოძიებო ქვემდებარობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ფუნქცია გააჩნია თავდაცვის ძალებს და აღნიშნულ უფლებამოსილებას თავდაცვის ძალებში ახორციელებს სამხედრო პოლიცია.

„გენერალური ინსპექცია, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, ფოკუსირებულია თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე. იგი სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, მათ შორის, ფინანსურს, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და შესაბამის რეაგირებას. გენერალური ინსპექცია ასევე ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, თუმცა მას არ გააჩნია გამოძიების უფლებამოსილება. საქმიანობის წარმართვის პროცესში, კერძოდ, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, შესაძლოა, გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ვინაიდან ასეთ შემთხვევებში საქმის მასალები გენერალური ინსპექციის მიერ უკვე სრულადაა შესწავლილი, უმჯობესია, მანვე წარმართოს გამოძიების პროცესი, რაც უფრო მეტად ეფექტიანს გახდის საგამოძიებო ფუნქციის განხორციელებას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში“, – აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო კანონპროექტში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო ითხოვს, რომ საგამოძიებო ქვემდებარობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება გახდეს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის საერთო ფუნქცია.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაგა-ბაღების სარეზერვო სიაში ბავშვების მოსახვედრად განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა