თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან „ფაიარაი“ (Fireeye) თანამშრომლობს

თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან Fireeye თანამშრომლობს როგორც კიბერთავდაცვითი ტექნიკური გადაწყვეტილებების კუთხით, ასევე საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეები, გამოწვევები და მისი გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

„აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი უფრო და უფრო აძლიერებენ ამ მიმართულებას, შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ ვართ ნაწილი ამ საერთო გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის, რა თქმა უნდა, ჩვენც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კიბერუსაფრთხოებას. კიბერი, ეს არის ის სივრცე, სადაც მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების განვითარების პარალელურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელობას იძენს მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა. ამ მიმართულებით მინდა გაცნობოთ, რომ წელს ჩვენ შევიმუშავეთ კიბერთავდაცვითი განვითარების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, ასევე ამ ფარგლებში ვთანამშრომლობთ აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან „ფაიარაი“ როგორც კიბერთავდაცვითი ტექნიკური გადაწყვეტილებების კუთხით, ასევე საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა ქვეყანაში მეტი კარგად მომზადებული კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ სხვა უწყებებთან ერთად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამერიკელი და ბრიტანელი კიბერექსპერტების დახმარებით, საფუძველი ჩაეყარა ევროპული დონის კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობას. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ექსპერტებს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ესტონელ და ლიეტუველ კოლეგებს ბიუროს განვითარების მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის. „ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირის ე.წ. „სეიფ პროექტის“ ნაწილს, რის შედეგადაც, ევროკავშირის დახმარებით გაუმჯობესდება თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ტექნიკური შესაძლებლობები. ასევე, ჩვენ შევუერთდით ლიეტუვაში არსებულ კიბერთავდაცვის რეგიონალურ ცენტრს, რის ფარგლებშიც კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა ამერიკასთან, ლიეტუვასთან და უკრაინასთან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯზე ჩემი წერილის საფუძველზე დაიწყო გამოძიება-ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნულ საქმეს “კარტოგრაფების საქმე” დაერქვას
შემდეგი სტატიამარტვილის მოსახლეობა ხურმის ჩირის გაყიდვას ვერ ახერხებს