თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ნინუა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისი გათავისუფლება 30 ნოემბრის საღამოს, ვადაზე ადრე მოხდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატები ნინუას გათავისუფლებას 2015 წლის ივნისიდან ითხოვდნენ, კომისიის უარის შემდეგ კი მათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

ალექსანდრე ნინუა 2013 წლის 12 დეკემბერს დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 22 მაისს მიუსაჯა. როგორც თავად ნინუა ამბობდა, მან დაკავების პროვიცირება თავად მოახდინა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაკავებამდე ნინუამ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობდა:

“მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა მთავრობა, ბუნებრივია, ჩემი ყოფილი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეკითხვები ექნებოდათ და ამაში ტრაგიკულს ვერ ვხედავდი არც მაშინ და არც დღეს. როდესაც მიბარებდნენ, არც ერთ დაკითხვაზე არ დამიგვიანია. ყველაგან მივდიოდი ამ 1 წლის განმავლობაში. ამას მოჰყვა ის, რომ ჩემი მოადგილეების დაბარება დაიწყეს, დაიწყეს დეპარტამენტში მყოფი სამმართველოების უფროსების დაბარება, გაიშალა თემა ჩავიდა მენეჯერებამდე. ძალიან იმედიანად იყვნენ გამომძიებელები იმასთან დაკავშირებით, რომ ბომბს აღმოაჩენდნენ და ეს ყბადაღებული თემა, რომ თითქოს ჩვენი ვიჯექით და გამოვჭამეთ ჯარის მთელი ბიუჯეტი, ამას ააფეთქებდნენ და რაღაც ფურორს მოახდენდნენ. ეს რა თქმა უნდა, ვერც მოხდებოდა, რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან. ეს იმას ემსახურებოდა, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან და ის სიბინძურეები, რაც ჩვენი მისამართით გაჟღერდა, რაღაც დოზით გამართლდებოდა. იტყოდნენ გაიქცა ქვეყნიდანო, ერთი წელია, ფეხი არ მომიცვლია, ორჯერ ვიყავი წასული ქვეყნიდან – ერთხელ ერთი კვირით, ერთხელ 3 დღით და დავბრუნდი. მე კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, მორალურად აუტანლად მიმაჩნია ის, თუ როგორ იჩაგრება ამდენი ხალხი, როგორ წუხს ამდენი ოჯახი ჩემ გამო. მე ვთვლი, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადავდგა და დავეხმარო მათ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან ძნელია, მე გადავწყვიტე ამ ხალხის დახმარება.ეტყობა, შეუძლებელია ვიღაცისთვის იმის ყურება ყოველდღიურად, რომ თვითონ რომ ყვირის, თურმე მე ჯარი გავძარცვე, მე ამ დროს თბილისში ვარ, არ ვიმალები, არ გავრბივარ, არსად არ წავსულვარ. ყოველდღე დავდივარ დაკითხვაზე და მისი ეს ნაყვირები უფრო და უფრო უფასურდება. მე ჩემი მეგობრების წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ წავიდე ციხეში, ოღონდ არა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია, არამედ იმისთვის, რაც ჩამიდენია, თუ ამ ჩანაწერს ვინმე უყურებს, ესე იგი ციხეში ვარ, რამდენიმე წუთის წინ 2013 წლის 12 დეკემბერი დაიწყო” აცხადებდა ნინუა ვიდეომიმართვაში.

ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2013 წლის 14 დეკემბერს შეუფარდეს, თუმცა დაცვის მხარეს ეს არ გაუპროტესტებია. როგორც ნინუას ადვოკატი ამბობდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი შეგნებულად დააგდო პოლიციის თვალწინ. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ექვსჯერ გადაიდო.ალექსანდრე ნინუას კიდევ ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან ერთ-ერთზე, რომელიც დავით ნინუასა და დავით კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში 5 მილიონამდე ევროს გაფლაგვას გულისხმობს. ალექსანდრე ნინუას საიდუმლო წარმოების წესების დარღვევასაც ედავებიან. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.

banner
წინა სტატიაში3-4 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა საქართველოში მკვეთრად დაეცემა
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის უფროსად ალექსანდრე ჩიკვაიძე დაინიშნა