თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარს ყოფილი სამხედრო ემსხვერპლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო.

უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა.

თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.

banner
წინა სტატიაშიძარცვის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასამებაში წირვას პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს