თავდაცვის სამინისტრო: ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა, რომელიც შსს-მ 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელად დაასახელა, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

“ესებუა არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და არც მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის”. – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ესებუასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემენ და არც იმის თქმა შეუძლიათ, არის თუ არა ის ყოფილი სამხედრო.

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში მომხდარი თავდასხმის საქმეზე მუხლები გადააკვალიფიცირა. ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

25 ოქტომბერს შსს-მ განაცხადა, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო. იმავე საღამოს მთავარმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ იდენტიფიცირებული თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა. იქამდე ცოტა ხნით ადრე ესებუას სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.

როგორც შსს-ს მაღალჩინოსანი ამბობს, სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება ბადრი ესებუა და მას კვლავ ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: თავდამსხმელმა თავად დაიბარა პოლიცია და უთხრა, რომ ჩაბარდებოდა, შემდეგ კი გაუჩინარდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა