თავდაცვის სამინისტრო ცენტრალური აფრიკის კონტიგენტის ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდება

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის სამინისტრო ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ჟენევიდან ინფორმაციას მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ კონტიგენტთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, კონტიგენტის წევრებს გუშინ, სენაკის სამხედრო ბაზაზეც ესაუბრა.

“ჩვენ გუშინ მთელი დღე, პარლამენტიდან წასვლის შემდეგ სენაკის მეორე ბრიგადაში გავატარეთ, სადაც იმყოფება ცენტრალურ აფრიკაში მყოფი მაშინდელი კონტიგენტის უდიდესი ნაწილი. მქონდა შესაძლებლობა ამ ბიჭებთან საუბრის, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ჩემი აზრით, ყოველი ჩვეგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს სამხედრო მომსახურეებს. ისინი, რა თქმა უნდა, არ არიან ბედნიერი მედიაში გაკეთებული გამოხმაურებებით, რაც ამ დღეებში კეთდებოდა. ხაზგასმით ვამბობ, რომ უმნიშვნელოვანესია, გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, “გამოძიების დასრულებამდე, ალბათ, კითხვები მუდმივად იქნება, თუმცა არ შეიძლება მთელ ჯარზე, ან მთელ კონტიგენტზე კეთდებოდეს იმ ტიპის განცხადებები, რასაც ვისმენთ”.

თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, სენაკში სწორედ იმიტომ ჩავიდა, რომ ჯარისკაცები გაემხნევებინა, “გამოძიება ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. ჩვენ კრიტიკულად გვჭირდება ის ინფორმაცია, რომელსაც ველოდებით ჟენევიდან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, ვინ რა ჩვენება მისცა, როდის, რა თარიღებზეა აქ საუბარი, ამიტომ ველოდებით ამას და პირობა გვაქვს მიღებული, რომ ძალიან სწრაფად მივიღებთ. ანა დოლიძე არის მუდმივ კომუნიკაციაში უმაღლესი კომისრის ოფისთან და კვირის ბოლომდე ველოდებით, რომ ჩვენ ეს ჩვენებები გვექნება თბილისში. შესაბამისად, შევძლებთ მივიღოთ პასუხები კითხვებზე, რა თარიღებსა და რა ლოკაციებზეა საუბარი.

ამასთან, ჩვენი სამხედრო პოლიციის გუნდი, რომელიც იკვლევს ამ საქმეს, მზადების პროცესშია ცენტრალურ აფრიკაში წასვლისთვის. მოგეხსენებათ, უბრალოდ ბილეთის ყიდვა და გამგზავრება არ არის საკმარისი, სჭირდება მთელი პროცედურა, მათ შორის სამედიცინო, სპეციალური აცრები უნდა გაიკეთონ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრმა ჟურნალისტებს დაუკონკრეტა, რომ მიმდინარეობს არა გამოძიება, არამედ მოკვლევა, “ვინაიდამ ჯერ არსებობს მხოლოდ პრესრელიზი და არა ფაქტობრივი გარემოებები”.

თინა ხიდაშელის თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა აფრიკამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს. საუბარია აღნიშნულში ქართული კონტიგენტის წევრების მონაწილეობაზეც.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე “მაესტროს” გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენეს
შემდეგი სტატიაბანკირების მილიონიანი ხელფასები