თავდაცვის მინისტრს 2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება სურს

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა, რომ 2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევა აღარ იყოს. აღნიშნული განცხადება თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მინისტრის თქმით ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემა გაცილებით ეფექტურია:

„ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ასეთია. თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვიდა, ბუნებრივია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩემი პირველი მოსმენის დროს ვთქვი, რომ ჯარში სავალდებულო გაწვევას გავაუქმებდით. თავდაცვის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამას ახლა სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით პროცესი მთავრდება და ჩვენი ამოცანაა, რომ 2017 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემის ამოქმედება დავიწყოთ. ეს სისტემა ნატოს წევრ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტურია და გაცილებით მაღალი შედეგის მომტანია,”- აღნიშნა ხიდაშელმა

აღნიშნული ინიციატივით პარლამენტს აპც „გირჩმაც“ მიმართა, თუმცა 2016 წლის 3 მარტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებდა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ არ გვინდა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავიყვანოთ რაღაც თანხაზე ან მერკანტილიზმზე”
შემდეგი სტატია„მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა“