თავდაცვის მინისტრმა ხიდს გმირულად დაღუპული ოფიცრის სახელი მიანიჭა

თავდაცვის მინისტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფარცხმაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ოფიცრის, კაპიტან მერაბ ახობაძის ოჯახს ესტუმრა.

როგორც ,,თაიმერს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. თავდაცვის მინისტრთან ერთად, დაღუპული გმირის ოჯახში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაბა ჩოხატაურის ხიდს აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის სახელი მიანიჭა და მემორიალური დაფა გახსნა.

„თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო კამპანია – გახსოვდეს და გიყვარდეს შენი გმირები, იცოდე რომ შენს ქალაქში გმირი ცხოვრობდა. აღნიშნული ინიციატივა ბევრი სხვადასხვა ვარიაციით შევთავაზეთ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია. გვინდა, რომ ყველგან სადაც ეს ბიჭები დაიბადნენ, გაიზარდნენ და სკოლაში სწავლობდნენ, უკვდავყოთ მათი სახელი. ჩვენ გვინდა, რომ ყველა თაობამ, რომელიც საქართველოში იქნება, იცოდეს, რომ მათ ქალაქში, მათ ქუჩაზე გმირი დადიოდა. როდესაც ამ ხიდზე მომავალი თაობები გაივლიან და სახელს და გვარს წაიკითხავენ, თუ არ ეცოდინებათ ვინ იყო მერაბ ახობაძე, კითხვა გაუჩნდებათ, რაც არის უკვე იმის გარანტი, რომ ისინი გაიგებენ ამ გმირობის ამბავს. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც ამ პროექტში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობს. პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო დაწესებულება, რომლის თანამშრომლობაც დაგვჭირდა, მზად არის გვერდში დაგვიდგეს. ეს პროექტი აბსოლუტურად დაუბრკოლებლად მიმდინარეობს. გურიაში ჩვენ კიდევ გვექნება ასეთი ღონისძიება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ, საქართველოს დიდ და პატარა ქალაქებში ასეთი მცირე კერების გაჩენა უზრუნველყოფს იმას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ყოველთვის თამამად იფრიალებს ჩვენი ქვეყნის თავზე“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კაპიტანი მერაბ ახობაძე 1979 წლის 7 ნოემბერს ჩოხატაურში დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ჩოხატაურის N1 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში გააგრძელა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კაპიტანი მერაბ ახობაძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის S-3-ის ასისტენტად მსახურობდა. მერაბ ახობაძეს დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” კანდიდატი მის მიერ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს
შემდეგი სტატიასაფრანგეთი და გერმანია საქართველოსთვის, უკრაინასთვის და კიდევ 2 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდა