თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით – „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს. დღესვე, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა. შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო მოსამსახურეს მხედრული ვალის პირნათლად შესრულებისათვის მადლობა გადაუხადეს. ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. მან მკურნალობისა და შემდგომში სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში აშშ-სა და საქართველოში გაიარა. ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ათი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაფოთის მერი – კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ მომატებული რისკები ეფექტიანად ვმართოთ და მინიმუმამდე შევამციროთ ვირუსის გავრცელება