თავდაცვის მინისტრი: შესაძლებლობა მქონდა, 21 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ოფიცერთან გვესაუბრა საქართველოს როლზე

თინა ხიდაშელი დელეგაციის წევრებთან ერთად რომში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა. ქართველ სტუმრებს თავდაცვის კოლეჯის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იანუშ ბოიარსკიმ უმასპინძლა. მან თინა ხიდაშელს სასწავლებლის პროგრამები გააცნო და ნატოს თავდაცვის კოლეჯის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ნატოს თავდაცვის კოლეჯში სტუმრობა მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნების ოფიცრებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ლექცია წაუკითხა. მინისტრმა მსოფლიო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილსა და ტერორიზმის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება.

„ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი, რომელიც ნატო-ს სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, დაახლოებით იმ ტიპის ინსტიტუციაა, რომლის მსგავსიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა (DIB) სულ რამდენიმე წელში ზუსტად ამავე სტანდარტის იქნება. 21 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ოფიცერთან, პოლკოვნიკებთან და გენერლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა, გვესაუბრა საქართველოს როლზე, საქართველოს მისიაზე ავღანეთსა და ერაყში, მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების მიერ გაღებული კონტრიბუციის შესახებ. მქონდა შესაძლებლობა, გაგვეცვალა არგუმენტები, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა და რატომ არის საჭირო მეტი მობილიზაცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის გამყარებისთვის,“ – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს თავდაცვის კოლეჯის პირად შემადგენლობასაც შეხვდა და კოლეჯის მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.

რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯში ვიზიტის შემდეგ თინა ხიდაშელი იტალიის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვის დახელოვნების ცენტრსაც ეწვია, სადაც საქართველოს და იტალიას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა დაიგეგმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: GFK-ს კვლევებს საზოგადოების ნდობა არ ექნება
შემდეგი სტატიაშსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა