თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ორმხრივი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში უწყებათაშორის ფორმატში აქტიურად დაიწყება ამ სტრატეგიაზე მსჯელობა.

„ამ სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ასევე მოვახდინოთ ჩვენი შეიარაღების მნიშვნელოვანი გადახალისება უფრო თანამედროვე ტექნიკით. რაც მთავარია ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ მდგრადი და სტაბილური იმიტომ რომ ჩვენი თავის დაცვა ჩვენ უნდა შევძლოთ. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს უნარები გავუმკლავდეთ საფრთხეებს და შევამციროთ ისინი. მთავარი მიზანი ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის თავდაცვის ინსტიტუციონალური მშენებლობა. ყველა უნარის და შესაძლებლობის მაღალ ხარისხში აყვანა უნდა მოხდეს, რომელიც ნატოსთან თავსებადს გაგვხდის. ბუნებრივია ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქვეყნის გლობალურ განვითარებასთან, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს გზით,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში დავით ნარდაია დაესწრნენ. ალიანსის მხრიდან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და ნატოს სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: რესპუბლიკელები პოლიტიკური არენიდან გაქრნენ და ამით დაისაჯნენ
შემდეგი სტატია„ცეზარ ჩოჩელის მოხმრეები სიცრუეს ტირაჟირებენ!“