თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველ სამხედროებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გერმანიაში ქართული ქვედანაყოფი მოინახულა, რომელიც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის ემზადება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) საქართველოს შეიარაღებული ძალების 52-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლამდე საბოლოო მომზადების სავარჯიშოებს ასრულებს. სამხედრო ბაზა თავდაცვის მინისტრმადელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრაქტიკულ სწავლებებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების დონემ დადებითი შეფასება მიიღო სწავლების ხელმძღვანელობისგან.

„ჩვეულებრივი დღეა, ყველა იმ სცენარით, ყველა იმ გათამაშებით, რომელიც მათი ყოველდღიური წვრთნის ნაწილია. ყველა უკლებლივ, ვისაც ჩვენ აქ ვხვდებით – ხელმძღვანელები, გენერლები, კმაყოფილები არიან ჩვენი ბატალიონის მომზადების დონით. მხოლოდ წარმატებები შეგვიძლია ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს. ერთ თვეში ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან და შემდეგ უკვე გაემგზავრებიან მისიის შესასრულებლად“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავის მხრივ ქართული ბატალიონის მეკავშირე ოფიცერმა, მაიორმა რობინ დანიელსმა აღნიშნა, რომ ქართული ბატალიონი, ამ რთულ სწავლებას თავს კარგად ართმევს.

“ძალიან კმაყოფილი ვარ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ კარგად ართმევს ქართული ბატალიონი თავს ამ რთულ სწავლებას. ისინი შესანიშნავად ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს და ზოგჯერ მოლოდინსაც აჭარბებენ. დარწმუნებული ვარ, ქართველი სამხედროები ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებენ ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ქართული ბატალიონის მეკავშირე ოფიცერმა, მაიორმა რობინ დანიელსმა.

როგორც “თაიმერს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა 4-თვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ბაზა ჰოჰენფელსში ერთთვიანი დასკვნითი შეფასების შემდეგ კი, 52-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს უფლება მიეცემა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავროს.

banner
წინა სტატიაში“25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ზუგდიდში პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს