თავდაცვის მინისტრების შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი საფრანგეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟან-ივ ლე დრიანთან და ლევან იზორიასთან ერთად თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
ქვეყნის პირველმა პირმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის.
„საფრანგეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ძლიერი პარტნიორია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საფრანგეთის დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. მინდა გამოვყო საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის წვლილი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისთვის. სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი და ღირსეული წვლილისთვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
„მე ვიცი, რომ ეს ორდენი გადაეცემათ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, მისი უშიშროებისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამიტომაც, ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია ეს პატივი. მე როგორც თავდაცვის მინისტრი სრულად ვაცნობიერებ თავდაცვის სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. არასტაბილურ სტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, საფრანგეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. როდესაც განვლილ გზას ვუყურებ, სრული ნდობა მაქვს, რომ პარიზი და თბილისი ერთად გააგრძელებენ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორც ორმხრივ, ასევე ევროპულ დონეზე“ – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მეორე დონის უმაღლეს სამხედრო განათლებაში მიღებული ბრწყინვალე შედეგებისთვის, „სამთო“ სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობისათვის ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.
ასევე, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი თანამებრძოლების გვერდიგვერდ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის კი, ჟან-ივ ლე დრიანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით მაიორი ვახტანგ დიასამიძე, კაპიტანი ლევან კახიძე, კაპიტანი ელდარ მამრიკიშვილი დააჯილდოვა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას. მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების მიმართულება. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა იყო. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც იმსჯელეს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველო დღეს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია : დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა
შემდეგი სტატიანოდარ კერესელიძე აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა