თათრეთში დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის უზბეკეთის შვიდი მოქალაქეა — ინფორმაციას Reuters-ი ყაზანში უზბეკეთის საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საკონსულოს ცნობით, უზბეკეთის მოქალაქეები თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკზე განხორციელებულ იერიშს ემსხვერპლნენ.
თათრეთის მეთაურის, რუსტამ მინიხანოვის განცხადებით, ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შედეგად სულ 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო 75 პირმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 10 აგვისტოს ღამეს იერიში თათრეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოზე“ მიიტანეს, რასაც ობიექტზე ხანძარი მოჰყვა.


















