ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი თამარ ცოფურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რეფორმის შედეგად დაიხურა ფილოსოფიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
გვეუბნებიან, რომ რეფორმა ტარდება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და სწავლისა და კვლევის დასაახლოებლად.
ამიტომ როგორც ილიაუნიში ფილოსოფიის პროგრამების თანახელმძღვანელმა მინდა გითხრათ, რა დახურეს ამ დეკლარირებული ეგიდით:
ეს იყო პროგრამები, რომლის 12 პროფესორიდან 7-ს გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის და შვეიცარიის საუკეთესო უნივერსიტეტებში გვქონდა დაცული დოქტორის ხარისხი და შესაბამისად, პროგრამებიც, კურსების ჩამონათვალიც, სილაბუსებიც ამ ჩვენი დასავლური გამოცდილების მიხედვით იყო აგებული.
სწორედ ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პროგრამაში მთელ საქართველოში ყველაზე ფუნდამენტურად ისწავლებოდა ფილოსოფიის ისეთი დარგები, როგორიცაა ანალიზური ფილოსოფია და ლოგიკა, ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის კვლევები, მეტაფიზიკა და ფილოსოფიის ისტორია, სოციალური თეორია.
ჩვენი პროგრამის სტუდენტები თავისი აკადემიური პერფორმანსით (მოხსენება, პრეზენტაცია, წერილობითი ნაშრომი) იყვნენ თავისი ევროპელი თანატოლების დონეზე. ამას ადასტურებს ის, რომ ჩვენი პროგრამის არაერთი მაგისტრანტი და დოქტორანტი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სეზონური სკოლების “ახალი თაობის მეცნიერთა გაცვლის” პროგრამის გამარჯვებული და მიიღო სრული დაფინანსება, ასევე პორტოს საზაფხულო სკოლაშიც მიღებული სრული დაფინანსებით არაერთხელ მონაწილეობდნენ ჩვენი სტუდენტები.
ჩვენი სადოქტორო პროგრამა არათუ უფასო იყო, არამედ მასზე ჩარიცხულებს ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ვთავაზობდით ასისტენტ-მკვლევრად ფილოსოფიის ინსტიტუტში დასაქმებას, ასევე სამეცნიერო კონფერენციებზე მივლინების თანხების ანაზღაურებას, რათა ისინი სწავლების ამ საფეხურზევე ინტეგრირებულიყვნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
დოქტორანტები (ჯამში 3) ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტებში, რომლებიც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ჯონ ტემპლტონის ფონდის მიერ იყო დაფინანსებული და ფაქტობრივად ამ პროექტის ფარგლებში წერდნენ თავის დისერტაციას.
ცალკე უნდა აღინიშნოს ორმაგი სადოქტორო ხარისხის (ე.წ. კოტუტელის) საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროგრამა მიუნსტერის უნივერსიტეტთან პრაქტიკულ ფილოსოფიაში. მის ფარგლებში ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით მომზადდა 7 დოქტორანტი, რომლებმაც ინგლისურ ენაზე დისერტაციის დაცვის შემდეგ მიიღეს როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე მიუნსტერის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. ამ პროგრამის ფარგლებში ინგლისურ ენაზე დაწერილი სადისერტაციო ნაშრომების ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია ევროპის პრესტიჟულ გამომცემლობებში, ხოლო ნაწილი კი ჯერაც ქვეყნდება.
ამ კოტუტელის პროგრამის ფარგლებში დაარსდა გერმანულ-ქართული წელიწდეული, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო გამომცემლობაში გამოდის (Brill/Mentis).
ჩვენი პროგრამის პროფესორებმა ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშროლობით სამჯერ ჩაატარეს საქართველოში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “ეთიკასა და პოლიტიკურ თეორიაში” ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის.
აქ აღარაფერს ვიტყვი ფილოსოფიის პროფესურის საერთაშორისო პუბლიკაციებზე არა მხოლოდ სტატიების, არამედ წიგნების სახითაც (იქნება ეს მონოგრაფია თუ კრებულები).
ილიაუნიში ფილოსოფიის პროგრამის შედეგად მივიღეთ ფილოსოფიის დარგში ქართული სამეცნიერო კვლევების მანამდე არნახული ინტეგრაცია დასავლურ აკადემიურ სივრცეში.
და აი, საუნივერსიტეტო განათლების გაუმჯობესების ეგიდით ასეთი პროგრამა დახურეს.
ასეთი პროგრამის დახურვა როგორ ემსახურება სწავლის ხარისხის, ან კი სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციის გაუმჯობესებას, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია“, — წერს თამარ თათა ცოფურაშვილი სოციალურ ქსელში.
















