თარხნიშვილი – კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები

პლებისციტის ნებისმიერი გაშარჟებული ვარიანტი ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

თარხნიშვილი აბსურდულს უწოდებს „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინიციატივას იმის თაობაზე, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ვრჩებით იმ აზრზე, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები. მეოთხე რაუნდის დროს ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი, რომ არჩევნებამდე მივიდეთ პლებისციტის გზით. ანუ გაზაფხულზე მოსახლეობას ვკითხოთ, თანახმაა თუ არა, რომ შემოდგომაზე ჩატარდეს არჩევნები, რაზეც უარი მივიღეთ. პლებისციტის ნებისმიერი გაშარჟებული ვარიანტი, 48 პროცენტი თუ მიიღეს რომელიღაცა არჩევნებზე, თურმე ეს პლებისციტია, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. საერთოდ რატომ მოუვიდათ ეს აბსურდული იდეა და საერთოდ რატომ დაიწყო ამაზე საუბარი, სეპარატისტულად რატომ წამოაყენეს ეს“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

თარხნიშვილი ასევე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის აპირებს დაელაპარაკოს არა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, არამედ იმ წევრებს, რომლებიც პარტიული სიით შევიდნენ პარლამენტში.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი პარტიასთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა იმ აბსურდზე, რაზეც მათ გუშინ და გუშინ წინ ილაპარაკეს, თითქოს თვითონ შეარჩევენ იმას, ვის შეხვდებიან ჩვენი პარტიიდან, არც „გირჩის“ და არც „მოქალაეების“ გადასაწყვეტი არ არის, ვინ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე და რა პოზიციას დაიკავებს“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვებიც კი გამოიყენა და თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს პარლამენტის მუშაობას
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – მთელი საზოგადოება დარწმუნდება, რომ თუკი ვინმე მოლაპარაკებების მაგიდასთან იყო კონსტრუქციული, ეს იყო „ქართული ოცნება“