თარხნიშვილი – ჩვენი ძირითადი მოთხოვნები არის უცვლელი, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, თვისობრივად ახალი და არა პერსონალურად შეცვლილი
სხვა სტატიები
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები არასდროს ყოფილა არც „ევროპული საქართველოს“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი არგუმენტი, როდესაც ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.
„გამომდინარე იქედან, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არასდროს არ ყოფილა მთავარი არგუმენტი და არც ძირითადი არგუმენტი, არც „ევროპული საქართველოს“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, გლობალურად ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ იმავე პოზიციაზე ვრჩებით
ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ანგარიშები იგივე „სამართლიანი არჩევნების“, იგივე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი დამკვირვებლების დაკვირვების შედეგები, აგრეთვე ის სტატისტიკა, რაც ჩანდა, დაკარგული ბიულეტენები, ცარიელი ბიულეტენები, ე.წ. კარუსელები, გადასწორებული ოქმები, და ასე შემდეგ. მთლიანად ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ვილაპარაკოთ არჩევნების გაყალბებაზე და იმაზე, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას.
სწორედ ამის გამო გამოაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი, სწორედ ამის გამო თქვეს უარი მანდატებზე და აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი მოთხოვნები არის უცვლელი, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, თვისობრივად ახალი და არა პერსონალურად შეცვლილი. ეს არის ახალი საარჩევნო გარემო და ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება“, – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.