თანამედროვე ქართველმა მწერლებმა სამხედროებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს

თანამედროვე ქართველმა მწერლებმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” შეკრებილ სამხედროებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლია სტურუა, რეზო კლდიაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, მანანა დუმბაძე, დათო ყანჩაშვილი, გიო საჯაია, ვაჟა ხორნაული, ცირა ყურაშვილი, თორნიკე ჭელიძე, ნიკა ჯორჯანელი და ნატა ვარადა ჯარისკაცებს პროექტ “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში ეწვივნენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სასწავლო ცენტრის სიმულაციური კლასი დათვალიერეს და იარაღის სროლაშიც გაივარჯიშეს. სტუმრებს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნათია ტრაპაიძემ უმასპინძლეს. სამხედროებთან მწერლების შეხვედრას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრო.
“ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” ძალიან სახელოვანი ადამიანები – მწერლები და პოეტები გვესტუმრნენ. მათ საჩუქრად მოგვიტანეს თავიანთი წიგნები, წაგვიკითხეს ლექსები, ამონარიდები თავიანთი შემოქმედებიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ახლა ავღანეთში მიდის. მოგვეცა საშუალება, ცოცხალი ლეგენდები პირადად გვენახა, გავსაუბრებოდით მათ, ჩამოგვერთმია ხელი. ვფიქრობ, ეს ორივე მხარისათვის ძალიან სასიამოვნო დღე იყო”,- განაცხადა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცებთან მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
ქეთევან დუმბაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა ოქტომბერში სამხედროებს კვლავ ესტუმრებიან.
“მთელი საქართველო მოვიარეთ, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. 120-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარეთ. არსად არასდროს ასეთი გულისფანცქალით და ასეთი ღელვით არ მივსულვართ. დღეს ჩვენ მოვედით ბიჭებთან, რომლებიც გაიგივებულები არიან სამშობლოსთან ვაჟკაცობასთან, გმირობასთან, ქართველობასთან. აბსოლუტურად სხვა ღელვა იყო ეს. მიხარია, რომ პროექტმა ამგვარი გაგრძელება ჰპოვა. ჩვენს ბიჭებს დავპირდით, რომ ოქტომბერში, როდესაც ისინი ავღანეთიდან დაბრუნდებიან, კვლავ ვესტუმრებით და ბევრ საინტერესო რამეს წავუკითხავთ და ისინი კი ავღანეთის შესახებ მოგვიყვებიან”, -განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.
პროექტი “ცოცხალი წიგნები” კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამდეროვე ქართველი მწერლების პირველი შეხვედრა ჯარისკაცებთან 7 ნოემბერს კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ინიშნება