თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია დაიწყო ქუთაისში, სადაც ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.

პროტესტის 141-ე დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ერთი მოთხოვნა დაემატა – თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. აქციის მონაწილეები დღესვე ხელმოწერებს შეაგროვებენ.

აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები მონაწილეობენ. აქციას მონიტორინგს სახალხო დამცველი წარმომადგენლები უწევენ.

„ჩვენ თავიდან ხუთი ადამიანი ვიყავით და დღეს ვდგავართ ათასობით ადამიანი, რადგან ჩვენ დავდექით სიმართლის მხარეს და სიმართლემ გაზარდა ჩვენი რაოდენობა.

რაც უნდა ძლიერი იყოს მტერი, რომელიც გვიპირისპირდება, აუცილებლად სიმართლით დავამარცხებთ ამ მტერს. ეს არის ქართული მიწის დაცვის საკითხი, ჩვენ არასოდეს მოგვწყინდება ჩვენი ქვეყნის მიწის დაცვა. ეს იქნება ცივი გონებით განსაზღვრული მოქმედებები და ეს არ იქნება ემოციური მოქმედება. გაცილებით მეტი ადამიანი დადგება ამ, ან სხვა მოედანზე და ჩვენი ინტერესები არ დახურდავდება ვიწრო ინტერესებზე“, -განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების სამოქმედი გეგმას, გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეების ნაწილი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. ასევე შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლებიან სოფელ ნამოხვანში გაშლილ კარვებში ღამის გასათევად.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები
შემდეგი სტატიანაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ – ხაზარაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ