თანამდებობები მთავრობაში და პარლამენტში – “ოცნება” სავარძლების გადანაწილების პროცესშია

ქართულ ოცნებას 19 ნოემბრამდე მთავრობა და საპარლამენტო თანამდებობები აქვს დასაკომპლექტებელი. ჯერ კვლავ ღიად რჩება საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის ვინაობა.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებების მიხედვით ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძე ამ პოსტზე ყველაზე აქტიურად განიხილება.

კონსულტაციები უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა და უახლოეს დღეებში, გიორგი კვირიკაშვილს საკუთარ კაბინეტზე საბოლოოდ მოუწევს ჩამოყალიბება.

ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა არიან მინისტრები, რომლებიც თანამდებობებზე ახალ მთავრობაშიც დარჩებიან. დღეს ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

ძალოვანი უწყების სხვა სამინისტროებში ცვლილებებს ამ დროისთვის არ ადასტურებენ მმართველი პარტიის წევრები. ქართულ ოცნებაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, ლევან იზორიას ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნების საკითხზე.

არ არის გამორიცხული ცვლილებები ეკონომიკური პროფილის უწყებებსაც შეეხოს. ნოდარ ხადური ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლოს, ეკონომიკის სამინისტროში კი, პარლამენტიდან გიორგი გახარია გადავიდეს.

თანამდებობას სავარაუდოდ, დატოვებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მის ნაცვლად, პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაიკავებს. კონსულტაციები თემაზე დღეს ზურაბ ალავიძემ არ დაადასტურა, კომენტარის გაკეთება არ ისურვა მოქმედმა მინისტრმა.

ევროინტეგრაციის მინისტრად ვიქტორ დოლიძის კანდიდატურაზე რომ პრემიერმინისტრი აქტიურად მსჯელობს, ეს დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა დავით კოღუაშვილმა დაადასტურა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეების თანამდებობებზე, სავარაუდოდ, დარჩებიან მანანა კობახიძე და ზვიად ძიძიგური. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კომიტეტის ხელმძღვანელ რამდენიმე პოსტს ახალი სახე დაიკავებს.

მე-9 მოწვევის პარლამენტი 19 ნოემბერს უნდა შეიკრიბოს.

banner
წინა სტატიაშიტრამპსა და კლინტონს არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო