თამთა თოდაძე – შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება, – ამის შესახებ თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

საკრებულოს თანამშრომელი, რომელიც ისნის მაჟორიტარს, ილია ჯიშკარიანს ძალადობაში ადანაშაულებს, საგამოძიებო უწყებაში იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

თამთა თოდაძის თქმით, პროკურატურას დიდი მოცულობის საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული.

„გავეცანი საქმის მასალებს, ნამდვილად ვიტყვი, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებულია დიდი მოცულობის საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც ვიტყვი, რომ ძირითადი ნაწილი საგამოძიებო მოქმედებებისა მას შემდეგ არის ჩატარებული, რაც ეს ამბავი გაშუქდა. სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

როგორც თამთა თოდაძემ აღნიშნა, ის ილია ჯიშკარიანისთვის ​დეპუტატის მანდატის შეჩერებას და პატიმრობას მოითხოვს.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა პატიმრობა, ასევე შეუწყდეს დეპუტატის მანდატი, იმიტომ, რომ როდესაც დიდი ძალაუფლებაა, დიდია მოწმეებზე გავლენის მოხდენის შანსიც. კონკრეტულ ფაქტს ვერ ვიტყვი, მაგრამ როცა ხარ თანამდებობის პირი და გაქვს დიდი ძალაუფლება, შესაბამისად ძალიან დიდი რესურსიც გაქვს იმისთვის, რომ მოწმეებზე მოახდინო ზეგავლენა“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება.

banner
წინა სტატიაშიანტიკვარიატი ათონელის რეზიდენციის მოსაწყობად – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავეჯის საჭიროებაზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიარომლებიც დღეს ჩემს დიპლომს ეჭვქვეშ აყენებენ, უმჯობესი იქნებოდა, თავიანთ არქივში ჩაეხედათ -თადუმაძე