თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თამთა თოდაძე საქმის მასალებს გაეცნო. როგორც თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის წერილზე აქვს ხელი მოწერილი.

გარდა ამისა, თოდაძის მტკიცებით, მის მიმართ წამოყენებული ბრალდება, თითქოს “ქართული ოცნების” წევრს ცილი დაწინაურების გამო დასწამა, აბსურდულია.

“გავეცანი საქმის მასალებს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებეულია ძალიან დიდი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ძირითადი ნაწილი იმის შემდგომ არის ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამ ამბის გასუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის აქტზე, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არ იციან რა მოიგონონ, თუ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი და როცა არ იცი რას ჩაეჭიდო, ვითომ დაწინაურების თემის წამოწევით ცდილობენ აღნიშნული თემის გადაფარვას,”- აღნიშნა თოდაძემ.

თოდაძის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნაა ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და საკრებულოს მანდატი მოეხსნას.

“ჩემი მთავარი მოთხოვნა არის რომ პატიმრობა შეეფარდოს ილია ჯიშკარიანს და შეუწყდეს საკრებულოს მანდატი, იმიტომ რომ როდესაც დიდია ძალაუფლება, დიდია გავლენა ძალიან დიდია იმის ალბათობაც რომ ხდება მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა,” – აღნიშნა თამთა თოდაძემ.

რამდენიმედღიანი ლოდინის, საპროტესტო აქციების, კატეგორიული მოთხოვნის და არაერთი მწვავე განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად სცნო. ბრალი წაუყენეს ჩინოვნიკსაც, რომელსაც ახალგაზრდა ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან კლინიკაში რჩება. “ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავებიან” წერს პროკურატურა განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმოყვარეებსა და მტრებს დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს ჩვენს შორის ძმურად გადაუწყვეტელი პრობლემები – გახარია
შემდეგი სტატიათადუმაძე: ხასიათითაც ასეთი ადამიანი ვარ, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიქნები