5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

თამთა მიქელაძე: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ადვოკატი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გუშინ ღამითვე აცნობა.

მისი თქმით, დეპორტაციის პროცესი დაჩქარებულად და ევროსასამართლოს ინფორმირების გარეშე განხორციელდა, რაც, ადვოკატის შეფასებით, კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას წარმოადგენს.

,,მაშინ, როცა სასამართლო ჯერ ამ პროცესის შესახებ ინფორმირებულიც არ იყო და აზერბაიჯანში დევნის შეწყვეტიდან 2 დღეში ხდება მისი დეპორტაცია, ეს არის ბოროტი გამოყენება საკუთარი უფლებამოსილების და კანონის და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის ძალიან მძიმე მცდელობა. ჩვენ გუშინ ღამევე მივაწოდეთ სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესისა და რისკების შესახებ და ცხადია, რომ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში უსწრაფესად გავაგრძელებთ კომუნიკაციას მიმდინრე პროცესის შესახებ, – ამბობს თამთა მიქელაძე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.

banner
წინა სტატიაშიქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თეკლა გერსამიას, მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატია64 წლის კაცი, რომელსაც 1-ლი აპრილიდან ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს