“ეს დღე განსაკუთრებით მძიმეა დღეს, როდესაც ვიაზრებთ რომ კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს უნდა ქმნიდეს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ძალაუფლების დაბალანსებას უზრუნველყოფდეს, სრულად ფეხქვეშ არის გათელილი”,_ ასე ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე კონსტიტუციის დღეს.
“ქართული ოცნება” კანონშემოქმედებას ავტოკრატიული წესრიგის დასამკვიდრებლად იყენებს; იღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციურ სტანდარტებს, არამედ სრულად უხვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და კონსტიტუციით მინიჭებულ ძალაუფლებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართავს.
პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართველი ხალხის დეკოლონიური პროცესის შედეგი იყო, რომელიც არა მხოლოდ ისტორიულად აფორმებდა ახალი და სუვერენული სახელმწიფოს იდეას იმპერიის ნანგრევებზე, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩაგრული ხალხის ახალ და პროგრესულ პოლიტიკურ წარმოსახვას ქმნიდა მის მომავალზე. დღეს კი, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებითა და საკანონმდებლო ძალაუფლების უზურპაციით, “ქართული ოცნება” სწორედ ამ დეკოლონიურ ისტორიულ პროცესს ეწინააღმდეგება, როცა წარმოუდგენელი სისწრაფით აუქმებს მოქალაქის, თავისუფლებების და თანასწორობის იდეებს და ანგრევს ევროპეიზაციის გზას, როგორც სუვერენიტეტის დაცვის შესახებ წინა თაობებისა და ახლანდელი თაობების ეროვნულ შეთანხმებას.
იმ პირობებში, როდესაც საკანონმდებლო ძალაუფლება ავტოკრატიული წესრიგის გამყარების ინსტრუმენტად იქცევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1921 წლის კონსტიტუციასთან მიბრუნება და მის ღირებულებებზე რეფლექსია, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყნის დემოკრატიზაციის სამომავლო პროექტის წარმოდგენა: იმგვარი სისტემისა და საზოგადოებრივი შეთანხმების შექმნა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის წარუვალ უფლებებს, თავისუფლებებს, სოციალურ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ, სამართლიან, დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებას შექმნის”,_ წერს თამთა მიქელაძე.