„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, თამთა კახიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ბოლო წერილები იმის დასტურია, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ისაუბრა.
კახიძის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებიდან იკვეთება უმძიმესი სურათი, რომ ადამიანის ციხეში გაშვების საკითხს შესაძლოა არა სასამართლო, პროკურატურა და მტკიცებულებები, არამედ კონკრეტული პირების პოლიტიკური გადაწყვეტილება განსაზღვრავდეს.
„მისთვის ნორმალური და გასაგებია ის, რომ კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი წყვეტს, წავა თუ არა ის ციხეში და არა სასამართლო ან მტკიცებულებები. ეს არის უმძიმესი სურათი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ღარიბაშვილი ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, — აცხადებს თამთა კახიძე.
იურისტი იხსენებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ღარიბაშვილი საჯაროდ იცავდა სასამართლო სისტემას, ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას და აცხადებდა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არსებობდა.
„შედეგად მივიღეთ ის, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი გახდა ამ უსამართლო მართლმსაჯულების მსხვერპლი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ბრალი მიუძღვის ადამიანს ამ სისტემის შექმნაში, ყველა იმსახურებს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და იმას, რომ ციხეში მტკიცებულებების საფუძველზე მოხვდეს“, — აღნიშნავს იურისტი.















