თამრიკო ჭოხონელიძე: ქვეყანა დაცემის პირას დგას, ჩვენ მსოფლიო გვიყურებს, როგორ მოვიმოქმედებთ, რას გავაკეთებთ პრეზიდენტის, როგორც სიმბოლოს მიმართ

ოპოზიციური არხები თუ დენს გირტყამენ, რუსეთის არხებზე გადართეთ და ნახეთ, რას აკეთებს რუსეთი, ნახეთ, როგორ დაგვცინის, როგორი ბედნიერია დღეს რუსეთი იმით, რომ ჩვენ ასეთი პოლარიზებულები ვართ, – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

„მინდა, პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ვინც დღეს ტელევიზორთან არის მოკალათებული და ქირქილებს – მხოლოდ იმ არხს რომ უყურებთ, რომელშიც ქვეყანა ძალიან კარგად არის, ნეტარად გრძნობს ყველა თავს, არავის უჭირს, ბედნიერია ცხოვრება, ცოტა სხვა არხზეც გადართეთ. ნახეთ, თუნდაც ოპოზიციური ერქვას იმ არხს, იქნებ, სიმართლეს ლაპარაკობს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის საამაყო ადამიანი. იქნებ, ძალიან საჭირო საქმეს ლაპარაკობენ, მაგრამ თუ ოპოზიციური არხები დენს გირტყამენ, იმ რუსეთის არხებზე გადართეთ და ნახეთ, რას აკეთებს რუსეთი. ნახეთ, როგორ დაგვცინის რუსეთი, ნახეთ. როგორი ბედნიერია დღეს რუსეთი იმით, რომ ჩვენ ასეთი პოლარიზებულები ვართ. ნახეთ, რა ბედნიერად ქირქილებენ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დამოუკიდებლები, რომ ჩვენ არ ვართ ერი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ისევ გუბერნია. ეს გინდათ ქალებო, რომლებიც დედები ხართ და შვილებს ზრდით?! ამ სულისკვეთებით გამსჭვალავთ თქვენს შვილებს?!“, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკშვილის მიმართ თავადაც ჰქონდა პრეტენზია და დღემდე აქვს კითხვები.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ მე რომ მქონდა პრეტენზია, როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს, მე არ ვიცი, ბევრს ჰქონდა ალბათ, მაგრამ მე ნამდვილად მქონდა. მქონდა და დღესაც მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ დღეს ამის დროა?! ქვეყანა დაცემის პირას დგას, ჩვენ მსოფლიო გვიყურებს, როგორ მოვიმოქმედებთ, რას გავაკეთებთ პრეზიდენტის, როგორც სიმბოლოს მიმართ. როგორც არ უნდა მოგვწონდეს, თუ არ მოგვწონდეს, ქვეყნის სიმბოლოა, როგორც დროშა, როგორც ჰიმნი. ერთი პრეზიდენტი უკვე მოვკალით, მოვახერხეთ ეს ყველაფერი. თავად მიხეილ სააკაშვილმა რაც გააკეთა შევარდნაძის მიმართ, ეს სამაგალითოა ნამდვილად. რა, მის მიმართ არ იყო პრეტენზიები და ამდენი მოწინააღმდეგეები არ ჰყავდა, შევარდნაძეს არ ჰქონდა ცოდვები?! მაგრამ როგორ გაუშვა ის სახლში, ისე, როგორც ეკადრებოდა ცივილურ სახელმწიფოს, მოაზროვნე სახელმწიფოს, კულტურულ ქვეყანას, აი, ისე გაუშვეს სახლში და მან სიცოცხლე იქ დაამთავრა, იმ სახლში. დაცვაც კი დაუყენა“, – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა ერთიანობა.

„დღეს, ახლა უნდა მოვკლათ ხომ მაინც და მაინც სააკაშვილი. მე მაინტერესებს, ბედნიერები იქნებით ამით?! სასწორზე რა უნდა დაიდოს დღეს – ქვეყნის პრესტიჟი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი ქმედება, თუ ერთი კაცის მიმართ შურისძიება და რევანში. ალბათ დრო დადგა, რომ ჩვენც მოვეგოთ გონს და მე ძალიან დიდ იმედს მაძლევს ხალხის ასეთი სიმრავლე. მე ახლობლებმა შემომითვალეს, რომლებიც სხვა მხარეს დგანან, ჩვენზე მაინც ეფიქრაო. თავადვე დაასამარეს თავისივე იდეები, როგორც იტყვიან, რადგან თუ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც ჩემი ოპოზიციონერების გამო შენ სამსახურს დაკარგავ, შენ ვიღაც დაგჩაგრავს, რად გინდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება. ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, კარგი იქნებოდა, ისე გვქონოდა საქმე, რომ მე აქ მემღერა, მაგრამ ერთი ქართული სიმღერიდან მინდა, პატარა ამონარიდი გავაკეთო და ჩვენ დღეს ზუსტად ეს განწყობა გვაქვს. ჩვენი მტერი სხვა არის. ეს მინდა, იცოდეთ და ყველამ შეიგნოს დღეს. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ნაცი, ქოცი ყველა აბსოლუტურად, რადგან ჩვენ ხვალ აღარ ვიქნებით ერი, თუ იმ მტერმა გაიმარჯვა, ვინც ჩვენ ახლა გვემუქრება. ვიტყვი იმ პატარა ამონარიდს – მტერო, დამჩაგრე, არ ვსტირი, ტირილი დიაცთ წესია. ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია. დიახ, ჩვენ არ დავიკვენესებთ. ჩვენ არ დავიჩოქებთ და მე ამის იმედი დღეს კიდევ ერთხელ მომეცა. მე მინდა, მშვიდობა ვისურვო და სამართლიანად მოქცევა იმ ადამიანის მიმართ ამჯერად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია“, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური – გავრცელებული ინფორმაცია, რომ N17 დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა, არის სრული სიცრუე, მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას
შემდეგი სტატიაანზორ მელია: ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე