თამო კეშელავა: მე იმ ხალხზე ვდარდობ, ამ ჩინოვნიკთან რომ მივა დახმარების სათხოვნელად და ზემოდან გადახედავს, ფუ, ეს სუპნაჭამიო…

ერთმა ჩემმა მეგობარმა მასალა მოიპოვა, როგორ ეუბნება ჩინოვნიკი მოქალაქეს, არ შემეხო, დამსვრიო:( არ უნდა ჩინოვნიკს მოქალაქის მოსმენა, გარბის, მისდევს ეს ქალი და ზურგზე “უკაკუნებს”, დაგეწიე და მომხედეო…
არც ტალახიანი იყო ეს ქალი, არც ფქვილში ამოსვრილი, არც მაზუთიანი, არ დამსვაროო ჩინოვნიკმა, რაღა დასვრის მეტად, მაგრამ…
ხოდა, ამ ჩინოვნიკის ახლობელს, ამ ჩემი მეგობრისთვის დაუწერია, შე სუპზე გაზრდილოო…

რა მაგარია, მეტ კომპრომატს ვერ გიპოვნიან, ღმერთო, რა მაგარია…
მე არ ვიცი, ეს ჩემი მეგობარი რას ჭამდა ბავშვობაში, სუპს, თუ გებჟალიას, მაგრამ ვიცი, რომ გადარჩა, გაიზარდა და აღიზარდა და ამდენი წლის მერე, მხოლოდ სუპის ჭამა თუა წამოსაძახებელი, ვამაყობ მისით!
ესაა…
სუპია მათი სალანძღავი სიტყვა…
აი, ამისგან არ უნდოდა იმ ჩინოვნიკს დასვრა…
სუპის სუნისგან…
ასე უყურებენ ადამიანებს…
ასე ყოფენ, სუპნაჭამებად და მწვადნაჭამებად, სუპნაჭამებად და ელარჯნაჭამებად!
სუპიც მიჭამია და სუპში ბევრი პურიც ჩამიყრია, რომ წვენი ამომევსო და სუპს აღარ დამსგავსებოდა, პურიც შემიწვავს ზეთში და ჩაისთან მიჭამია.
მაგ დროს იმ ხალხზეც მიფიქრია, ვისაც ზეთიც არ ჰქონდა…
შარშან, ჩემი მეგობარი შეესწრო ამბავს – დედა მთელი კვირის მანძილზე მარგარინს წყალში უხსნიდა შვილებს, პურს აწობდნენ და იმას ჭამდნენ – კარტოფილის და კვერცხის ფულიც არ ჰქონდათ!
ესენი კიდევ სუპნაჭამებად და ეკლერნაჭამებად ყოფენ ხალხს…
იციან, ნეტავი, რამდენი ადამიანი ნატრობს სუპს?
რას ჭამენ პენსიონრები, იციან?
შეხედავ და ღორის ხორცზე გაზრდილებს გვანან და ეს ალბათ, იმას ჰგავს, იქამდე რომ ჩაგკეტავენ და გაკითხებენ, შვლის ნუკრის ნაამბობს, სანამ შვლის მწვადი აღარ გაგახსენდება კითხვისას (დოჩანაშვილი), ხო, ამას ჰგავს, ოღონდ, პირიქით, იქამდე ჭამ ღორის ხორცს, სანამ შვლის ნუკრის ნაამბობის კითხვისას მხოლოდ მწვადი არ გახსენდება!
ადამიანები იმიტომ ჭამდნენ, რომ ეცოცხლათ, ახლა ზოგი იმიტომ ცოცხლობს, რომ ჭამოს, ჭამოს თავისიც, სხვისიც, უფლება რომ მისცე, ყველასიც და თან იმას, ვის ბიუჯეტსაც მდიდრები და გამდიდრების გზაზე მდგარი ჩინოვნიკები ჭამენ, თავზე დასძახებენ, სუპნაჭამოო…
ეს ჩემი მეგობარი გადარჩა…
გაიზარდა, აღიზარდა…
და ეს პოსტი მასზე არაა ..
მას რაღას დააკლებთ, ისეთი მაგარია, თურმე, რომ მხოლოდ სუპი გაქვთ წამოსაძახებელი, მაგარია, ვამაყობ…
მე იმ ხალხზე ვდარდობ, ამ ჩინოვნიკთან რომ მივა დახმარების სათხოვნელად და ზემოდან გადახედავს, ფუ, ეს სუპნაჭამიო, ეს ჩაიზე და პურზე გაზრდილიო, მერე კი იმ სკამს გაწმენს, სადაც გლეხი იჯდა, იმ მაგიდასაც ზიზღით გადახედავს, სადაც გაჭირვებულმა კაცმა ნაჯაფარი ხელები დაალაგა ..
ჩემ ხალხზე ვდარდობ, ჩემ სუპიან და უსუპო ხალხზე…
ჯერ რომ პარავთ და აღატაკებთ და მერე ცხვირს უბზუებთ…
და თქვენზე ვდარდობ კიდევ, მუდმივარ გამაძღარებზე და მუდმივად მშივრებზე, თქვენც ხომ ადამიანებად დაიბადეთ, თქვენც ხომ გქონდათ შანსი ადამიანურად გეცხოვრათ…
თუმცა, მაინც ჩემი ხალხი მეტად მედარდება…
სუპგანაკეთები თითებით რომ გეხებიან ზურგზე, რათა მათკენ მიგაბრუნონ და იცილებთ, დამსვრიო…
ჩემ ხალხზე, რომელსაც სუპიც აღარ დაუტოვეთ, ისე გაძარცვეთ-წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) უცხოეთში სამკურნალოდ წაიყვანეს
შემდეგი სტატია“არსებულ სიტუაციაში, ხომ არ თვლით, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს მოქმედი ადმინისტრაციისთვის შეგვეხსენებინა, რომ ნატოში გაწევრიანება მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას?”