თამო კეშელავა: ჩემი გული დღეს საბას ზუგდიდშია-ზუგდიდში და საბასთვის იფეთქებს მხოლოდ ჩემი გული

“ჩემი გული დღეს საბას ზუგდიდშია.
ხვალ თბილისიდან მიდიან საბასთვის ზუგდიდში და სამეგრელო, შენ მასპინძლობა არასოდეს გეშლებოდა.
სამეგრელო, არც პროტესტი შეგშლია მთელი ეს 8 თვე.
ცალკე ამბავია მეგრელი აქტივისტი გოგოები, ერთმანეთზე უკეთესები, ერთმანეთზე მაგრები, ძლიერები, შემტევები გამტანები და ამტანები.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ გუნდად დგანან, თითოეულმა ცალკეც დაწერა თავისი ისტორია ამ ბრძოლაში.
წალენჯიხა – წარმოუდგენლად მაგარი როგორც ოცნებასთან, ისე სტიქიასთან ბრძოლაში. სხვანაირად არც აკადრებენ გიას სულს. ჩემი პატივისცემა წალენჯიხელებს.
ჩხოროწყუში სასწაული ხდება, უწყვეტი პროტესტია, ყველა დღე სამსახურივით დადიან, ისე, როგორც თბილისში!
ზუგდიდი ზუგდიდობს, ცხადია და დღეს ზუგდიდში საბას დღეა.
დღეს ზუგდიდი საბას მშობელია.
უკანონოდ დაჭერილი ბიჭის, რომ მიუსაჯეს და მაინც ვერ გაამტყუნეს, ცუდი რომ ვერ უპოვეს და მოუგონეს.
მე გვარი მაქვს მეგრული, გურიამ მაწოვა ძუძუ, გურიამ გამზარდა და იქნება, კი ვარ ძაღლზე გაცვლილი, მერე რა, რატომაა ვითომ ეგ ცუდი?
აქამდე მეგრულად ერთი სიტყვა ვიცოდი – ჯგირო, ახლა 2 სიტყვა ვიცი, ჯგირო და ფოჩო.
როცა მეკითხებიან ხოლმე რა აქვთ მეგრელებს ყველაზე კარგი, ცხადია, კუჭს სულგუნი ახსენდება, მეგრული კუპატი და ღომი, მაგრამ კუჭის მონობას ვძლევ, გონებას და გულს ვუსმენ და ვამბობ – გატანა.
ერთმანეთის გატანა.
დღეს, საბას რომ უნდა, იმ ერთმანეთისთვის მივდივართ ზუგდიდში.
და რად უნდა სამეგრელოს ჩემი თქმა, მასპინლობა როდის ეშლებოდა?
შვილების დაცვა როდის ეშლებოდა?
უსამართლობასთან ბრძოლა როდის ეშლებოდა?
ყველასია ზუგდიდი, მაგრამ დღეს საბასია და დღეს  საბას ზუგდიდში, ერთმანეთისთვის მივდივართ ყველა კუთხის შვილები და გვმასპინძლობენ მეგრელები.
და დაე, ხვალ მთელ საქართველოს გავაგონოთ ხმა ზუგდიდიდან.
დღეს  მთელ საქართველოს ვუთხრათ ზუგდიდიდან რომ ვერ გადაგვტეხენ, შვილებს არ მივცემთ და რუსს არ დავემონებით!
ჩემს გამზრდელ, ჩემს აღმზრდელ გურიას არ ეწყინება, ისედაც სულ მისი ნაშენებია ჩემი გული, დღეს ზუგდიდში და საბასთვის იფეთქებს მხოლოდ ჩემი გული.
დიდება ქართველ ხალხს!
დიდება საქართველოს, ხალხო!,-წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა.

banner
წინა სტატიაშიAI: მოზარდი მომიტინგეების დაპატიმრება სამართლიანი სასამართლოს არსებობაზე შეშფოთებას იწვევს
შემდეგი სტატიამარნეულში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე, შსს-მ ბრალდებული დააკავა მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება