თამაზ ურთმელიძე: “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველების დანიშვნა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რეალური გარანტიების შექმნას ემსახურება

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში აღნიშნავს, რომ “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველების დანიშვნა ემსახურება “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რეალური გარანტიების შექმნას.
როგორც ურთმელიძე განჩინებაში განმარტავს, ეს ინსტიტუტი განამტკიცებს პირის დარღვეული უფლების რეალური და ეფექტური აღდგენის შესაძლებობას და გამორიცხავს მართლმსაჯულების განხორციელების ფორმალურ ხასიათს. მოსამართლე განჩინებაში მიუთითებს, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობას გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას მოხსნას და დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის დანიშვნას საფუძვლად დაედო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებად. მოსამართლე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენება დასაშვებია ნებისმიერ გადაწყვეტილების მიმართ თუ ის არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
“შესაბამისი წინაპირობების არსებობისას დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება”, – აღნიშნულია განჩინებაში.
აქვე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისიძება და დავის სპეციფიკის გათვალისწინებით გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების სახით სადავო ქონებაზე დანიშნული იქნეს დროებითი მმართველი. მოსამართლე განჩინებაში ასევე განმარტავს, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტის მრავალი უპირატესობა გააჩნია, რომელიც საბოლოოდ ემსახურება დავაში მონაწილე ორივე მხარის ინტერესს. ურთმელიძე მიღებულ გადაწყვეტილებას ამყარებს ამერიკული სასამართლოს პრაქტიკით.
“ნიუ-იორკის სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ეხებოდა რადიოსადგურში დროებითი მმართველის დანიშვნას, განმარტა რომ დროებითი მმართველის ვალდებულებაა შეინარჩუნოს და დაიცვას ქონება სასამართლო დავის შედეგის მიუხედავად. დროებითი მმართველი პასუხისმგებელი და ერთგულია არა რომელიმე მხარის, არამედ მას გააჩნია ერთადერთი დანიშნულება – დაიცვას ქონება. გადაწყვეტილების თანახმად, მაშინ როდესაც არსებობს ქონების ღირებულების შემცირების საშიშროება, სხვა ალტერნატიული საშუალების გამოეყენება, გარდა მმართველის დანიშვნისა არ არის მისაღები”, – აღნიშნულია განჩინებაში.
ურთმელიძე ასევე მიუთითებს, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიხედვით დროებითი მმართველის დანიშვნა არის მხოლოდ დამხმარე და თანხმლები საშუალება.
“დროებითი მმართველის დანიშვნა არ წყვეტს საკითხს მატერიალურ უფლებასთან მიმართებით და არ წარმოადგენს მატერიალური უფლების დადგენის წინაპირობას. ეს არის ქონების დაცვის საშუალება. აშშ-ის კანონდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, დროებითი მმართველის დანიშვნა მართალია წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციის სფეროს და სასამართლოს გააჩნია ფართო თავისუფლება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, მიიღოს მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოპასუხის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად საქმიდან უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების გარკვეული წინაპირობები”, – აღნიშნულია განჩინებაში.
მოსამართლე აქვე განმარტავს, რომ დროებითი მმართველი ინიშნება მაშინ როდესაც ეს საჭიროა მოტყუების პრევენციის, დავის საგნის დაცვის, ქონების დაზიანების, განადგურების ღირებულის შემცირების, დახარჯვის თავიდან აცილების მიზნით. ურთმელიძე ასევე განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა სასამართლომ დროებით მმართველს მიანიჭა სრული ძალაუფლება, უფლებამოსილება, უფლებები და პრივილეგიები, რომელიც გააჩნია მოპასუხის დირექტორებს, წევრებს, მენეჯერებს, სრულ და შეზღუდულ პარტნიორებს.

banner
წინა სტატიაში“იმედის” საინფორმაციო სამსახური “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა