ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, თამაზ თამაზაშვილმა „პირველებთან“ საუბარში განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს და არ სჯერა, რომ მის სიძეს ციხეში 15 წლით გაუშვებენ.
მისი თქმით, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მმართველი გუნდის წევრები ღარიბაშვილს დააკავებდნენ, ბიძინა ივანიშვილისთვის კი ოჯახს მიმართვა არ უცდია.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროცესი მალევე დახურა და დამსწრეებსა და მედიას დარბაზი დაატოვებინა.
გამოძიების ცნობით, ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ახალი ბრალი ექს-პრემიერს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წარედგინა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძისგან აღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი ღარიბაშვილს გადასცა. აღნიშნული მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ღარიბაშვილს უკვე მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.















