თამაზ ნავერიანი: მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, ამ დროისათვის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება ბოლნისის და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება.

„ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობაში განწყობა დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება. სასწრაფოდ რომ მოხდა რაიონის გადაკეტვა, ამან ცოტა აღელვება გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა ამ პროცესს შეგნებულად ხვდება“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა, რომელსაც რაიონი მთელი ღამის განმავლობაში არ დაუტოვებია.

მისი თქმით, რაიონში ყველაფრისთვის მზად არიან. ათი ჯგუფია მობილიზებული რათა გავიდეს ადგილებზე და მოსახლეობას მოუწოდოს იმ დირექტივების შესრულებისკენ, რომლებიც მთავრობამ გასცა. როგორც თამაზ ნავერიანმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან აქვთ მუდმივი კავშირი და წუთი წუთზე ელოდებიან აღნიშნული ჯგუფებისათვის შესაბამის აღჭურვილობას.

„ორი ადამიანი უკვე მოთავსებულია კარანტინში, გადმოყვანილი არიან თბილისში. ნორმალური ვითარებაა იმ მიმართულებით, რომ საველე ჰოსპიტლის მოწყობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. ჩვენ ყველა, ადგილობრივი ხელისუფლება, მოხალისეები, არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, ყველას თავისი დავალება აქვს განსაზღვრული. რაც შეეხება კვების პროდუქტების სუპერმარკეტებს, ისინი მუშა რეჟიმში არიან. ერთ ადამიანს ოჯახიდან, შეუძლია მივიდეს სასურსათო მაღაზიაში საჭიროებისამებრ“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ბატონო გახარია, მზად ვარ თქვენი დავალებები შევასრულო!
შემდეგი სტატიაირაკლი მანაგაძე: ბრიტანეთში გვეუბნებიან, თუ კორონავირუსზე ეჭვი გაქვთ არ დარეკოთ ექიმთან