თამაზ ნავერიანი – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში

საქართველოს პარლამენტის წევრის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ მავნებლურად გამოიყენონ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით შექმნილი მძიმე ვითარება, შესაბამისად, სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური და კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და აღვივებენ კონფლიქტს ამ მძიმე სიტუაციაში.

„28 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 622 ათასამდე ინფიცირებული – ასეთია „კოვიდ 19“-ის პანდემიის ახლანდელი მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სახელმწიფო წარმატებით ებრძვის ვირუსის გავრცელებას. ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი და თავგანწირვა სამაგალითოა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის. ასეთ დროს სახელმწიფოს სჭირდება ერთიანობა, კანონმორჩილება და ექიმების ინსტრუქციების გათვალისწინება.

ჩვენივე უსაფრთხოებისთვის კარანტინშია მარნეულის მუნიციპალიტეტი, რომლის დეპუტატიც გახლავართ მე. მივმართავ იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ მავნებლურად გამოიყენონ ეს მძიმე ვითარება, სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური და კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, სიძულვილის ენით ესაუბრებიან ერთმანეთს, აღვივებენ კონფლიქტს ამ მძიმე სიტუაციაში, როცა ისედაც ყველა აღელვებულია. მივმართავ მათ, რომ შეწყვიტონ ეს გამიზნული თუ გაუმიზნავი ბოროტმოქმედება. გარწმუნებთ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში.

მე ვარ ყველა მარნეულელის დეპუტატი, განურჩევლად რელიგიისა თუ ეროვნებისა, ყველა მოქალაქის დეპუტატი, რომელიც აქ ცხოვრობს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ აგრესიული გამონათქვამებისა და შეურაცხყოფების გავრცელებისგან, ამით ხელს უწყობთ იმ ადამიანების მავნებლურ ქმედებას, რომლებიც ცდილობენ რეგიონში სიტუაციის დაძაბვას. ჩემო ძვირფასო მარნეულელებო, აუცილებლად დავძლევთ ამ ეპიდემიას. შევასრულოთ ექიმების ინსტრუქციები. დავემორჩილოთ კანონს.

დარჩით სახლში. ჩვენ 24 საათიანი რეჟიმით ვმუშაობთ თქვენთვის. ყველაფერი იქნება კარგად, თუ ყველა ჩვენგანი დაემორჩილება კანონს“, – მიმართავს თამაზ ნავერიანი მოსახლეობას ფეისბუკგვერდის მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს
შემდეგი სტატიათურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ინფორმაციას ავრცელებს