თამაზ ნადარეიშვილის გახსენება

დღეს თამაზ ნადარეიშვილის დაბადების დღეა

 

სიკვდილის ხმით კიოდა,
საქართველოს გული იყო
შენ რომ გული გტკიოდა…
(ჯანსუღ ჩარკვიანი)

დღეს ჩვენს თანამემამულეს, ღირსეულ მამულიშვილს, ჭეშმარიტ პატრიოტს, ცნობილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის ა/რ თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს ვიცე-პრემიერს 1993-1995 წ.წ., გენერალ-მაიორს, საქართველოს პარლამენტის 2 მოწვევის წევრს (1990-1992 წ.წ.; 1999-2004 წ.წ.), გაეროს საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის აკადემიკოსს, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თამაზ ნადარეიშვილს 68 წელი შეუსრულდებოდა!

თამაზ ნადარეიშვილი ძალიან ადრე წავიდა ამ ცხოვრებიდან. წავიდა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის ჩიხური სიტუაციით დამძიმებული, საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების აუხდენელი ოცნებით გულდაფერფლილი. მან თავისი გული აფხაზეთის სამსხვერპლოზე მიიტანა. მისი წასვლით საქართველომ, აფხაზეთის ხელისუფლებამ, დევნილთა საზოგადოებამ დაკარგა ჭეშმარიტად მოწინავე და პატრიორული იდეების გენერატორი, აფხაზეთზე მუდმივად მოფიქრალი და უკომპრომისო მებრძოლი, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა აფხაზეთის სიყვარულში. მისმა გულმა ვერ გაუძლო იმ არაადამიანურ ტანჯვას, იმ უმძიმეს განცდას და დატვირთვას, რაც წილად ხვდა მას, როგორც აფხაზეთიდან დევნილი სტრუქტურების წინამძღოლს, აფხაზეთის დაბრუნებისა და ათასობით ფუძემოშლილი თანამემამულის პრობლემების მოგვარების მთავარი შტაბის ერთ-ერთ უმთავრეს მამოძრავებელ ძალას.

უმძიმესი, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საპატიო და განუზომლად დიდი მორალური ტვირთია იყო შენი თანამემამულეების წინამძღოლი მათთვის უმძიმეს პერიოდში. მან ეს ტვირთი ღირსეულად ატარა. მისი თანამოაზრენი, მეგობრები და კოლეგები ხშირად ვიხსენებთ თამაზს აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენს უმთავრეს საქმეს ძალიან დააკლდა მისი შემართება, ომახიანი, გამამხნევებელი, იმედის მომცემი და გაბედული გამოსვლები საქართველოს პარლამენტში, მთავრობის სხდომებზე თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ უმაღლესი დონის ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

თამაზ ნადარეიშვილის მიერ მსოფლიოს უმაღლესი ინსტანციების ტრიბუნებიდან გაკეთებული არაერთი განცხადება და გაფრთხილება აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს წინ დაგვხვდა როგორც წინასწარმეტყველება, ამიტომ გვჯერა, რომ უფლის ნებით და შეწევნით აღსრულდება მისი ოცნება და მარადიული ნატვრაც: ,,მე ღრმად მწამს, რომ საბოლოოდ სამართალი იზეიმებს და აფხაზეთში აღორძინდება ძირძველი, ტრადიციული ქართულ-აფხაზური ურთიერთობა, ძმობა და მეგობრობა.“

ვუსურვებდით ჩვენს დევნილ თანამოქალაქეებს, მოსწრებოდნენ თამაზ ნადარეიშვილის და თითოეული ჩვენგანის ამ სანუკვარი ოცნების აღსრულებას!

ღმერთმა გაანათლოს თამაზ ნადარეიშვილის სული!

რევაზ გერგედავა
მერებ დგებუაძე
banner
წინა სტატიაშირა საბრალოა ეს კობახიძე – შავი სალარო რა არის, მოყვება ოდესმე, ყველაზე მეტად ამითაა პარტიაში დაკავებული და ენა მაინც გააჩეროს – ბესელია
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურის განცხადება