თამაზ მეჭიაურის აზრით, ბიძინა ივანიშვილთან მთელი გუნდი ვალშია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, ვინც რაღაცაზე გაბრაზებულები კარს გამოიჯახუნებენ, თანამებრძოლებს ტოვებენ და მერე ტელევიზიებიდან ლანძღავენ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინაძე ყველა ვალშია.

“ბიძინა ივანიშვილთან არა მხოლოდ მე, მთელი გუნდი ვალშია. რომ არა მისი პოლიტიკაში შემოსვლა, მე ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ვერ ვიქნებოდი, რადგან როგორც მაჟორიტარს ხმებიც რომ მიმეღო, მის დაცვას მაინც ვერ შევძლებდი. თუ ჩვენი გზები გაიყოფა და სხვადასხვა მიმართულებით წასვლა მოგვიწევს, თავს ვალდებულად ვთვლი, მასთან ყველაფერი ადამიანურად გავარკვიო, მეგობრებად დავრჩეთ და ქვეყნის მსახურება ვისაც როგორ გვჯერა ისე გავაგრძელოთ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია “GDS”-ის გადაცემა “2030”.

მან ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე შეხვდა, პრემიერი კი, ქვეყანაში არ იმყოფება და როცა ჩამოვა, მასაც შეხვდება.

“საკითხი მარტო წასვლა-დარჩენაზე არ დგას. აქ საუბარია იმაზე, წასვლის შემთხვევაშიც კი, მომავალში რას ვაკეთებთ. უმრავლესობა ფაქტიურად დაიშალა და მთელი რიგი საკითხებია მისაღები. საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩემი განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, ბევრ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია და მათ უნდა იცოდნენ, რომ დარჩენილ პერიოდში ჩემი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

“პრემიერმა სადემარკაციო ხაზი გაავლო და თქვა, რომ ვისაც ევროატლანტიკურ არჩევანში ეჭვი ეპარება, გუნდში ვერ მოხვდება. მე კი, არა თუ ეჭვი მეპარება, დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ში ვერ გავწევრიანდებით. დეპუტატობის სანაცვლოდ აზრს ვერ შევიცვლი. აქედან გამომდინარე, იქეთ მხარეს ვერ მოვხდები და აქეთ მხარეს ვარ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური გოგი თოფაძესთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას აპირებს
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძის მტკიცებით, პოლიტიკაში წასვლა მის გეგმებში არ შედის