თამაზ მეჭიაური – ეს იქნება ტესტი, როგორ ითანამშრომლებენ პარლამენტში განსხვავებული მსოფლმხედველობის ძალები

„ეროვნული ფორუმის“ უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ კიდევ უფრო გართულდება გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ყველა პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ გადავიდა წინასაარჩევნო რეჟიმში, ეყოფა სახელმწიფოებრივი ხედვა, რათა კოლაფსურ სიტუაციაში არ შეიყვანონ პარლამენტის საქმიანობა.

„ფორუმის გადაწყვეტილების შემდეგ გართულდება უფრო გადაწყვეტილებების მიღება. ის ისედაც არ იყო მარტივი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ”რესპუბლიკელებმა” კიდევ უფრო მეტი თავისუფლება დაანონსეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათ ჰქონდათ სხვადასხვა ხედვები საკითხებთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე, ასეთი ფორმატი უცხო არ არის, გახშირდება კონსულტაციების რაოდენობა კონკრეტული საკითხების ირგვლივ“, – განაცხადა მეჭიაურმა.

ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, კოალიციაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ერთგვარი ტესტი იქნება თუ როგორ ითანამშრომლებენ განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ძალები ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტიას ეყოფა სახელმწიფოებრივი ხედვა, კოლაფსურ სიტუაციაში არ შეიყვანონ პარლამენტის საქმიანობა. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ როგორ ითანამშრომლებენ განსხვავებული მსოფლმხედველობის ძალები, ისე რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

”ეროვნული ფორუმი” საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტში თანამდებობებს ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება დღეს გააკეთა.

banner
წინა სტატიაშითორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველისთვის უკიდურესად სახიფათოა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი მინისტრი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს