თამაზ ლომიძე – ყველას თავისი დრო და გზა აქვს ღმერთისკენ …

“საერთოდ, ქრისტიანობაში სინანულიც, მარხვაც და ზიარებაც, ეს სამივე არის აბსოლუტურად საიდუმლო, პირადი და ინტიმური საქმე. ეს უნდა გვესმოდეს კარგად. ესენი კაცის გულის და გონების ძალიან შინაგანი, ძალიან ღრმა და სრულიად საიდუმლო მოძრაობაა და ამიტომაც, შეუძლებელია ბოლომდე გვესმოდეს სხვა ადამიანის ამ საქმეში. მეც, როგორც მღვდელს, არასოდეს დამიძალებია ან მომითხოვია ვინმესთვის არც აღსარება, არც მარხვა და არც ზიარება. ყველას თავისი დრო და გზა აქვს ღმერთისკენ და საბოლოოდ, მხოლოდ ღმერთმა და თავად ამ ადამიანმა იცის თუ რა და როგორ უნდა შეინანოს, რა ძალით იმარხულოს და ეზიაროს სიწმინდეს. ესაა ღმერთის შეხება იმ ერთი ადამიანის სულთან და დიდი უტიფრობაა ამ ურთიერთობაში უხეშად ვინმეს ჩარევა, ვინც არ უნდა იყოს იგი. სახარებაში ბევრ ადგილას ხილულად ვხედავთ ამას. მაგალითად, იესო ქრისტე განზრახ მიდის ისეთ ადგილას (სამარიაში), სადაც წესით ებრაელები არც კი გაივლიდნენ ხოლმე, განზრახ ჩერდება ჭასთან, განზრახ უშვებს მოწაფეებს საჭმლის საყიდლად ახლომახლო სოფლებში და რჩება სრულიად მარტო, რადგან იცის, რომ ის ერთი, სამარიელი ქალი უნდა მივიდეს იმ დროს იმ ჭასთან, რომელსაც სულიერად ძალიან უჭირს და ასე ძლიერ სჭირდება უფლის ნახვა და მასთან საუბარი (იოანეს სახარება, თ. 4). ასე ეძებს ყველას, ერთ კონკრეტულ მონანულს, მმარხველს თუ მაზიარებელს ღმერთი და საიდუმლოდ ეხება და ესაუბრება მის გულსა და გონებას. ამიტომაც ჩვენი საქმე არ არის, ვინ, როგორ მარხულობს, ნანობს თუ ეზიარება. დავაკვირდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და ჩვენი მარხვა და სინანული შევაფასოთ მხოლოდ.”- აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ინსტანციას და უკრაინის საგამოძიებოს მივმართეთ – ევგენი გრუშოვეცი პენიტენციურის კადრებზე