თამაზ ხუბუა: აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ამ დიალოგთან და მის ფაბულასთან არავითარი კავშირი არ აქვს

,,აწუხებს თუ არა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სინდისის ქეჯნა მუდმივ სიჩუმეზე?,,

“ქართულმა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებებმა ამ დილით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შედგა დიალოგი სოხუმის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბასა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ვახტანგ ყოლბაიას შორის. დიალოგის თემა, თითქოსდა, აფხაზეთის პრობლემატიკა იყო.
პრობლემის გარშემო ნებისმიერი ფორმატით შეხვედრა-დიალოგის მომხრე ყოველთვის ვიყავი და დღესაც ამ პოზიციაზე ვარ, თუმცა ამ საკითხში პრიორიტეტული და გადამწყვეტი სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ ერთ ინსტიტუტს ენიჭება-ესაა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება! ნებისმიერი სხვა აქტორის დამოუკიდებლად გამოჩენა ამ ასპარეზზე ცალსახად ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს(უფრო სწორად, აპრიორი ზიანის მომტანია!). სხვას რომ თავი დავანებოთ, ვინმე ბჟანიას აფხაზეთის პრეზიდენტად გულდანდობილი მოხსენიება ყველა დევნილისთვის შეურაცხმყოფელია. მეც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვარ და კატეგორიულად ვგმობ მსგავს ინიციატივებს ჩემი და უმაღლესი საბჭოს სხვა, ნებისმიერი წევრების მხრიდან! საბედნიეროდ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ამ დიალოგთან და მის ფაბულასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამიტომაც, გული მწყდება და უსიამოვნოდ აღვიქვამ აფხაზეთის ერთადერთი ლეგიტიმური დევნილი საკანონმდებლო ორგანოს მისამართით წამოსულ, უაღრესად კრიტიკული და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად შერაცხული შეფასებების ნიაღვარს, რაც მითითებულმა არასაჭირო და დაუფიქრებელმა ონლაინ-ჩართვამ გამოიწვია! ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება პირადი მერკანტილური ვნებები ქვეყნის ეროვნულ, სახელმწიფოებრივ და მორალურ-ფსიქოლოგიურ ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ!”- აცხადებს “თაიმერთან” საუბრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძეზე, ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს პოლიციის “შკოდა” შეეჯახა
შემდეგი სტატია2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი ბრენდინგითა და მკაფიოდ გამოხატული იდენტობით ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა