მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.
ბიზნესმენმა სხდომაზე დეტალურად ისაუბრა რესტორანში მომხდარ ინციდენტზე და აღნიშნა, რომ დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ პირების მიერ, რომლებიც მას სამოქალაქო პოზიციების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.
ელიზბარაშვილის განცხადებით, რესტორნის კუპედან გამოვიდა შვიდი პირი, რომლებიც მას „იმედის“ თანამშრომლებად წარედგინნენ.
„მითხრეს, შენ ჩვენ ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო… სანამ ბოდიშს არ მოიხდი, აქედან ვერ გაგიშვებთ, ჩვენ არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო. ვუპასუხე, ვაჟკაცი კაცი ვარ და ბოდიშის მოხდა არ მრცხვენია, მაგრამ მითხარით, რაზე უნდა მოგიხადოთ-მეთქი. ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა ზევიდან, არ მინდოდა ენახა, როგორ მაფურთხებდნენ და მაგინებდნენ. არ ვარ სკანდალის მოყვარული და ჩემი შვილების ტოლ, ახალგაზრდა კაცთან საჩხუბრად მივიდოდი?“ — განაცხადა ელიზბარაშვილმა.
მისივე თქმით, კონფლიქტის შემდეგ უკან მობრუნების მიზეზი არა შურისძიება, არამედ სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარება და შერიგება იყო.
ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა, რომ პროკურატურის ქმედებები გაუგებარია, რადგან დაზარალებულად დასახელებული პირები მას არ ედავებიან.
„პროკურატურა ამბობს, შვიდი კაცი გიჩივისო, ისინი ამბობენ, ჩვენ არ გიჩივითო… არ ვიცი, რა ხდება, რას მერჩის პროკურატურა. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ. მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს“, — აღნიშნა ბრალდებულმა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ელიზბარაშვილს ბრალდება მუქარის მუხლით წარედგინა.
უწყების ცნობით, 30 აგვისტოს რესტორანში სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. პროკურატურა აცხადებს, რომ მოგვიანებით იგი ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა და შეჭრას ცდილობდა, ხოლო 31 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მუქარა გააგრძელა.















