თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი გატარდა

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 22 პოლიტიკური გაერთიანება, 5 საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი გატარდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

ცესკო-ს თავმჯდომარე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშს აცნობს.

ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანია პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეულ საქმიანობას დეტალურად წარუდგენს.

“2017 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის 6 საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 000-ზე მეტმა პირმა. აღსანიშნავია, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ სასწავლო პროექტების „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და „საარჩევნო განვითარების სკოლა“ კურსდამთავრებულები, ისინი, ასევე, მოხალისეებად ჩაერთნენ ცესკოს ახალი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელებაში.

მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემებისა და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა პროექტის მეორე ეტაპი „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 166 აქცია გაიმართა, მათ შორის 20 – თბილისში. ინფორმირების შედეგად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებისთვის ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით 27 სექტემბრის მდგომარეობით ისარგებლა – 319 079-მა ამომრჩეველმა”, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება
შემდეგი სტატიაპარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოზე მსჯელობენ