თამარ ჟვანია: საზოგადოებისთვის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობა 9 ოქტომბრის ღამესვე დაიწყება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი შეაჯამა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, 8 ოქტომბერს ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიონ პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

„ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს – 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. 3, 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი საქართველოში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად”, – განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.

“არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი. დილის 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1115 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

„ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია. საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკომ ამომრჩეველს არაერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის; აღსანიშნავია, რომ ამ სერვისებით მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში; ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის – ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების – ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.

„მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. მოვუწოდებთ, როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი. 8 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევახსენო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცესკო-ში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი.
20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზეwww.results.cec.gov.ge. ამასთან, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ წელს პირველად ცესკო ახორციელებს ინოვაციურ საპილოტე პროექტს და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკო-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით (Facebook; YouTube). ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.
24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, 8 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

“დღის განმვალობაში მედიაცენტრში 6 საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. შედეგების დათვლის პროცესს საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების ცესკო-ში შემოსვლისთანავე იწყებს, შესაბამისად საზოგადოებისთვის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობას 9 ოქტომბრის ღამესვე დავიწყებთ. და ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს საზოგადოებრივი ინტერესებისადმი პატივისცემით, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება
შემდეგი სტატია“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ვაღიარებდით არჩევნების შედეგებს”